აჭარაში მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" იწყება

აჭარაში დღეს ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიხსნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, "ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში, ბიჭვინთაში დააარსა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ კი ფესტივალმა აჭარაში გადაინაცვლა, სადაც უკვე მესამე წელია, გონიოს ციხეში ტარდება. წელს ფესტივალი "ღამის სერენადები" განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება, რადგან ლიანა ისაკაძის ინიციატივით, შეიქმნა ახალი უნიკალური ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან.
ორკესტრის პრეზენტაცია და გრანდიოზული კონცერტი დღეს, ბათუმის ახალ საოპერო თეატრში გაიმართება. 26 აგვისტოდან კი ფესტივალი გონიოს ციხეში გადაინაცვლებს და მსმენელს სამ დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს. ფესტივალი 29 აგვისტომდე გაგრძელდება.
ლიანა ისაკაძის ახალ ორკესტრს სიმბოლურად `Fაცებოოკ-ის ვირტუოზები" ეწოდება, რადგან სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით მოხერხდა ამ მუსიკოსების გაერთიანება.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, "მუსიკოსები ხუმრობენ" - ასე ჰქვია ლიანა ისაკაძის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ღამის სერენადებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან თითოეული მუსიკოსის ხუმრობით აღქმული ესა თუ ის პოპულარული მუსიკალური თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მსმენელისთვის.
სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოდის ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.
ფესტივალი "ღამის სერენადები" საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.

























