სტეფანწმინდაში "ყაზბეგობა 2011" გაიმართება

სტეფანწმინდაში 3 სექტემბერს სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა 2011" გაიმართება. ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება .
სახალხო დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში უკვე რამოდენიმე წელია ყოველ სექტემბერს ტარდება და ხევის ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.
~ყაზბეგობა 2011" ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზოგადობის წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. გარდა ამისა, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიება (დოღი), საბრძოლო ხელოვნებით წარსდგება ხრიდოლი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, დაგეგმილია ასევე მოდების ჩვენებაც, სხვადასხვა დიზაინერის ტანსაცმელს ლიკა ყაზბეგის მოდელები წარადგენენ.
დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში, 13.00 საათზე დაიწყება.

























