შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში დღეს გამოფენა "საქართველოს სომეხი მხატვრები - ა.ოვნათანიანიდან გ. ხაჩატურიანამდე. დიდი ისტორიის ფრაგმენტები" გაიხსნება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება იხილოს 130-მდე თეატრალური ესკიზი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენილი ექსპონატები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, ლიტერატურის მუზეუმის და რუსთაველის თეატრის ფონდებიდან.
როგორც ხელოვნების მუზეუმში აღნიშნავენ, XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრები აქტიურად იწყებენ თბილისის კოლორიტისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტების ასახვას.
ადგილობრივ გარემოში ინტეგრირებული სომეხი მხატვრები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული სამხატვრო პროცესებში. ორი ნაკადის თანაარსებობამ შექმნა განუმეორებელი თბილისური ფენომენი _ საქართველოს სომეხი მხატვრების შემოქმედება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.
ექსპოზიცია ხელოვნების მუზეუმში 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"