დგება ჟამი, როდესაც პოლიტიკოსის ყველა მიღწევა წარუმატებლობად იქცევა

დგება ჟამი, როდესაც პოლიტიკოსის ყველა მიღწევა წარუმატებლობად იქცევა

გაერო-ს ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ყოფილ ელჩს ევროკავშირში, ნატო-სა და რუსეთის ფედერაციაში, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, გაერო-ს 66-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თანამედროვე მსოფლიოში კვლავ არსებობს რუსული იმპერიალიზმის საფრთხე; საქართველომ 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში ღიად განაცხადა უარი კონფლიქტების ძალის გამოყენებით გადაჭრაზე, მაგრამ რუსეთისგან პასუხი დღემდე არ მიუღია და ოფიციალური თბილისი რუსეთის ლიდერებისგან მშვიდობის ჟესტზე პასუხს ელოდება. გასაგებია, რომ რუსეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევანების მარათონი კარგა ხნის დაწყებულია, მაგრამ ამ თვალსაზრისით, რუსეთში საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს რუსეთისგან?

- თუ მოულოდნელი სიურპიზები არ გაჩნდა, რუსეთში საარჩევნო სურათი თითქმის უკვე გამოიკვეთა. ყველა კარგად ხედავს, რომ ამ სურათის "ფერთა გამას" კრემლი არჩევს. დუმის არჩევნებისთვის კრემლმა ჯერ ახალი მოთამაშე – მილიარდერი პროხოროვი შეარჩია, მაგრამ როგორც კი მასში რაღაც ამბიციები ამოიკითხეს, სასწრაფოდ გვერდზე გასწიეს. რეალური ოპოზიციური ძალების დუმაში მოხვედრის შანსები მინიმალურია.

რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, აქაც უდიდესი ალბათობით ბატონი პუტინის გამაჯვებას უნდა ველოდოთ. ჩემი აზრით, პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტება კიდევ უფრო გააღარიბებს რუსეთის პოლიტიკურ "პალიტრას". საქმე ის გახლავთ, რომ მედვედევ-პუტინის ტანდემის არსებობას მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული პლურალიზმი შეჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ელიტის გარკვეული წრეები მედვედევზე ამყარებდნენ იმედებს. ახლა ეს ნომინალურად ორპოლუსიანი ძალაუფლების რეჟიმი ისევ ცალსახად პუტინისეული, ერთპოლუსიანი რეალობით შეიცვლება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მინიმალურ პლურალიზმსაც კი გამორიცხავს. მაგრამ, მთავარი კითხვა ის გახლავთ, რამდენად გაუძლებს პუტინის პოლიტიკური სისტემა რუსეთის ახალ გამოწვევბს. ეკონომისტები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ რუსეთში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. პოლიტიკური რეფორმებისა და საგარეო პოლიტიკის სერიოზული კორექტირების გარეშე კი, ამ კრიზისის გადალახვა მეტად რთული საქმე იქნება.

გარდა ამისა, არის წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაც: ადამიანებს უჭირთ ხელისუფლებაში მრავალი წლის განმავლობაში ერთი და იმავე სახის ყურება. რაღაც ეტაპზე ფრანგებს მობეზრდათ დე გოლი, ინგლისელებს – ჩერჩილი, გერმანელებს – ადენაუერი. ესენი, რბილად რომ ვთქვათ, გაცილებით დიდი პოლიტიკოსები იყვნენ, ვიდრე ბატონი პუტინია.

საერთოდ კი, დგება ჟამი, როდესაც პოლიტიკოსის ყველა მიღწევა წარუმატებლობად იქცევა. ეს უნივერსალური ფორმულაა. მგონი, პუტინი ახლა ამ ზღვარს მიუახლოვდა.

რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ, ეს საქართველოსთვის საკმაოდ ცუდი პერსპექტივაა. რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს უახლოეს წლებში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ჩვენ მაინც რთული ხასიათის ჩრდილოელ მეზობელთან გვექნება საქმე. თუმცა, აქ ბევრი ნიუანსია და ეს განსჯის ცალკე თემაა.

- არავინ დაობს, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში ბევრ სფეროში სახელმწიფოსა და საზოგადოების რადიკალური ტრანსფორმაცია სახეზეა, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ახალგაზრდა დემოკრატიის მშენებლობას, რითაც საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამაყობს?

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიური შეფასებები საზოგადოების ერთ ნაწილს აშკარად აღიზიანებს, რაც პირადად ჩემთვის გასაგებია – ცხოვრება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის მეტად რთულია. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ უცხოელი კოლეგები შედარებებისთვის პარალელს ავლებენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ჩვენს მეზობლებთან. ანუ, ჩვენ გვადარებენ არა ნორვეგიას და შვედეთს, არამედ - სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას. მათთან და თუნდაც იმავე რუსეთთან შედარებით, საქართველოს უფრო რეფორმისტულ ქვეყნად აღიქვამენ.

გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებას აშკარად ხელეწიფება ე.წ. პიარი, თუმცა, ესეც პოლიტიკური რეალობის ნაწილია – ვიღაც კარგად აპიარებს თავს, ვიღაც კი ცუდად. მაგრამ ამ შეთხვევაშიც დგება ჭეშმარიტების მომენტი, ასეთი კი, ჩვენს შემთხვევაში, მომავალი არჩევნებია.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაბულ ქვეყნებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ რევოლუციურმა ტალღამ გადაუარა, მოუწოდა, ქვეყანაში რადიკალური რეფორმების გატარებაში მაგალითი საქართველოსგან აიღონ. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ არაბული ქვეყნების ახალმა ლიდერებმა გამოცდილების შესასწავლად სწორედ საქართველოს მიმართონ?

- ჩემი აზრით, გონიერი ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში იპოვის ისეთ რამეს, რაც მის გამოცდილებასა და საქმეს წაადგება. საქართველოშიც ნამდვილად ბევრი რამ არის სანახავი და გასაზიარებელი. მაგრამ, მე მაინც ვამჯობინებდი, რომ ჩვენ უფრო თვითკრიტიკულნი ვიყოთ. ეს, სამწუხაროდ, ყველას ეხება, პოზიციასაც და ოპოზიციასაც. როგორც მაცხოვარი იტყოდა – ზოგი სხვის თვალში ბეწვსა ხედავს და თავისაში დირესაც ვერაო.

- ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ წლევანდელ შემოდგომაზე პოლიტიკურ ასპარეზზე ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება იქნებოდა. ჯერჯერობით პოლიტიკურ ასპარეზზე ხელისუფლების სახით მხოლოდ ერთი აქტორი ჩანს. რამდენად სავარაუდოა, რომ "ქართული მარშის"ორგანიზების შემდეგ "ფორუმი" უკმაყოფილო ელექტორატის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს?

- სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ თითქმის მთლიანად "მოუსუფთავა" ხელისუფლებას ბურთი და მოედანი. თქვენს წინა კითხვას დავუბრუნდები და არც ამ შემთვევაში მაქვს იმის განცდა, რომ შეცდომების გაანალიზებას ოპოზიციაში ყველამ დიდი ენერგია დაახარჯა. არჩევნებისთვის კარგად უნდა გაანალიზდეს, თუ რას ელის ოპოზიციისგან ამომრჩეველი, რანაირად უნდა შეიცვალოს მისი იმიჯი, ტაქტიკა, შეთავაზებები და ა.შ. დრო ცოტა რჩება, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არჩევნებისათვის მოსახლეობამ იხილოს განახლებული და მიმზიდველი ალტერნატიული პოლიკური ძალა. ბევრი ობიექტური სირთულეა, მაგრამ რეალური შანსებიც არსებობს.

გულწრფელად მწამს, რომ ძლიერი, გონიერი და ჭეშმარიტად საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციის შექმნა ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა იყოს. ჩვენ მომავალი არჩევნები გაცილებით უკეთესად უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ჩვენმა მეზობლებმა, თუნდაც იგივე რუსეთმა. აი ამ მიმართულებით გააკეთებენ ხვალ დასკვნებს იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო წინ წავიდა რეფორმების თვალსაზრისით.

- გაურკვეველი რჩება "ექვსიანში" გაერთიანებული იმ პარტიების სამოქმედო გეგმა, რომლებსაც საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების თამაშის წესები არ მიუღია. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ "ექვსიანი" აღნიშნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაციას და მომავალი არჩევნებისთვის მილიონი ამომრჩევლის მობილიზაციას შეძლებს?

- გავიმეორებ ადრე ნათქვამს: ოპოზიციის ერთი ნაწილის შეცდომა ისიც არის, რომ წლების მანძილზე უნერგავდა მოსახლეობას არჩევნების უაზრობის განცდას. ამან დიდი ნიჰილიზმი გააჩინა რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი პროცესის – დემოკრატიზაციის მიმართ. ამ ვითარების კარდინალურად შეცვლაა საჭირო. ყველა ამომრჩეველი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ხმა გადამწყვეტია, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობილებებს რეალურად წარმოაჩენს.

რაც შეეხება "ექვსიანს", ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ როგორ და რა კონფიგურაციით წარსდგებიან მისი წევრები არჩევნებზე.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"