ბათუმში დღეს, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი "მაგნოლია" საზეიმოდ გაიხსნება. "დექსუსის" ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი "მაგნოლია" ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარეობს. 12-სართულიანი თანამედროვე შენობა ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. "მაგნოლია" 860 ბინასა და 79 კომერციულ ფართს აერთიანებს. სასტუმროს ტიპის კომპლექსი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი სერვისით - უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, დაცვის სამსახურით, დასუფთავებითა და 24-საათიანი მომსახურებით ნომერში.
ბათუმის "მაგნოლიას" მშენებლობა სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტს" წლების მანძილზე შეჩერებული ჰქონდა. "ცენტრ-პოინტის" ვალდებულებები მენეჯმენტ კომპანია "დექსუსმა" 2010 წლის სექტემბერში გადაიბარა და ბათუმის "მაგნოლიაში" მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში განაახლა.
"წელიწადზე ნაკლებ დროში კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მოხდა. "მაგნოლიაში" მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემა. მოგვარდა შიდა კომუნიკაციების პრობლემა, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა. ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები გამოიცვალა და მთლიანად 5 000 კვ მეტრ ფართობზე ახალი ფილაქნები დაიგო. ასევე დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც", - განმარტავენ "დექსუსში". სამშენებლო სამუშაოებზე 10 მლნ ლარი დაიხარჯა.
მენეჯმენტ კომპანია "დექსუსმა" 'ცენტრ-პოინტი" მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაზე მთლიანობაში 23 მლნ ლარი დაიხარჯა. 6 პროექტი უკვე დასრულდა და აღნიშნული პროექტებით "ცენტრ-პოინტის" 1 500 მობინადრე დაკმაყოფილდა. კომპანიის მიერ შემუშავდა "ცენტრ-პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით, 2013 წლის ბოლომდე "ცენტრ პოინტის" ყველა მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს.