პრეზიდენტმა მინისტრებთან ერთად ბახმაროს განვითარების გეგმა განიხილა

პრეზიდენტმა მინისტრებთან ერთად ბახმაროს განვითარების გეგმა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა .

პრეზიდენტმა მინისტრებთან ერთად ბახმაროს განვითარების გეგმა განიხილა. ბახმაროში იმყოფებოდა ასევე ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე.

ბახმაროს რეაბილიტაციის ფარგლებში მომავალი წლისთვის განახლდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება წყალგაყვანილობა, შეკეთდება გზები და გაუმჯობესდება კურორტის ელექტროენერგიით მომარაგება. მშენებლობის დასაწყებად საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება კურორტზე უახლოეს დღეებში დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბახმარო იქნება კურორტი, სადაც უცხოელი ტურისტები უნიკალური ჰავის, ევროპული დონის სასტუმროსა და გასართობი ცენტრების გამო ჩავლენ.

პრეზიდენტმა ბახმაროში სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობის კუთხითაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კურორტის კლიმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაკურიანთან, გუდაურსა და სვანეთთან ერთად ის ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზამთრის კურორტად იქცეს.