დიპლომატებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 74/ბ-ში კომპანია "დიუთი ფრი ალიანსი" თავისუფალი ვაჭრობის ობიექტ "დიპლომატს" გასნის.
თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნასთან დაკავშირებით, "დიუთი ფრი ალიანსი" დღეს, 19:30 საათზე, საზეიმო მიღებას გამართავს, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი 150 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და მასში რამდენიმე ათეული დასახელების, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.
კომპანია "დიუთი ფრი ალიანსის" მენეჯმენტის ცნობით, თავისუფალი ვაჭრობის ობიექტის გახსნის უმთავრესი მიზანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისსთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას, მეტი კომფორტის შექმნაა.
"სურვილი გვქონდა, თბილისი შეერთებოდა იმ ქალაქების რიცხვს, სადაც წარმატებულად ფუნქციონირებს "Down Town Duty Free" და "City Duty Free". ამასთანავე გვსურდა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის პირადი მოხმარების საგნების შეძენის პირობები გაგვეუმჯობესებინა. აქ მათ შეეძლებათ შეიძინონ პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით განთავისუფლებულია ყველანაირი ვალდებულებებისაგან. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ამ ობიექტით შეძლებენ ისარგებლონ იმ პირებმა, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება უშუალოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე",- განაცხადა კომპანია "დიუთი ფრი ალიანსის" ხელმძღვანელმა ჯამალ ჰერმასიმ.
მისივე თქმით, წლიური ინვესტიცია საქონლის ბრუნვაში რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ამასთანავე, იგეგმება გაფართოება საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების სახით. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციები უკვე მიმართულია წითელი ხიდის, სადახლოსა და სარფის პორტალებზე არსებულ თავისუფალ ვაჭრობის პუნქტებში.
თავისუფალი ვაჭრობის ობიექტების ძირითადი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდებით. რაც შეეხება ქართულ პროდუქციას, ის ძირითადად ქართული ღვინისა, მინერალური წყლისა და თამბაქოს სახითაა წარმოდგენილი. მომხმარებელს ასორტიმენტს კომპანიები: "შატო მუხრანი", "ქინძმარაულის მარანი", კახეთის ტრადიციული ღვინოები, "ბესინი", "ბორჯომი" და Adjarian Tobacco სთავაზობენ.
კომპანია "დიუთი ფრი ალიანსი" საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს. იგი გერმანული ჰოლდინგის "დიუთი ფრი ინტერნაციონალე"-ს წევრია და მომხმარებელს საქართველოს 4 საზღვარზე ემსახურება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"