ბათუმში დღეს "ქალაქური კრივის" ნახევარფინალი გაიმართება

ბათუმში დღეს "ქალაქური კრივის" ნახევარფინალი გაიმართება

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" დღეს ბათუმში, ქალაქურ კრივში ნახევარფინალს გამართავს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა, ბაქარ ნათენაძემ განუცხადა, ქალაქური კრივის პარალელურად, 26 და 27 ნოემბერს, ბათუმში "შავფაროსნები" საბრძოლო ჭიდაობაში აჭარის პირველობის ჩემპიონატსაც გამართავენ. მონაწილეობას მიიღებენ მოასპარეზეები თბილისდან ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, გორიდან და ყაზბეგიდან.

"ჩვენს მიერ აღდგენილი ქალაქური კრივის პირველი ორთაბრძოლა 2011 წლის 8 მაისს ნარიყალაზე გავმართეთ, შემდეგ – "არტ-გენის" ფესტივალის დასკვნით დღეს, ახლა კი ბათუმში ჩავალთ. მთელ საქართველოს გავაგებინებთ, რომ არსებობს ასეთი ტრადიცია. ვცდილობთ ეს ხელოვნება, რასაც ქართული საბრძოლო ხელოვნება ჰქვია, მთელს საქართველოში გავიტანოთ", _ აღნიშნა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მახარაძემ.

ნახევარფინალში ერთმანეთს შეებრძოლებიან ირაკლი ქოქოსაძე და ზვიად ჯაფარიძე; გიორგი ლაცაბიძე და გიორგი საბაური. ქალაქური კრივის ფინალი თბილსში გაიმართება.

ქალაქური კრივის ტრადიცია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. კრივის ეს სახეობა ერთსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნებმა" აღადგინა.