ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქი - ლაზიკა დაარსდება

ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქი - ლაზიკა დაარსდება

გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში განაცხადა .

პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ამ ქალაქში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება. "ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შემდეგ. ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მასშტაბური სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება, აშენდება ახალი საზღვაო პორტი ანაკლიის გასწვრივ. "ჩვენ რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ახალი ქალაქის მშენებლობაზე", _ განაცხადა პრეზიდეტნმა. მისივე თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადდება ასევე კონკურსი არქიტექტორებისთვის.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, იფიქროს ამაზე სერიოზულად. მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან წასულ დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი. ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ჩვენ წინ გვაქვს ძალიან თავზე ხელაღებული გეგმები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.