ფოთში ხორბლის ტერმინალი იხსნება

ფოთში ხორბლის ტერმინალი იხსნება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხვალ, ფოთში ხორბლის ტერმინალს გახსნის, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მარცვლეულის ტრეიდერი საერთაშორისო კომპანია ,,BUNGE"-ს შვილობილი კომპანიის, შპს ,,აგრიკომის" ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების შედეგად აშენდა.

ხორბლის ტერმინალის მოსაწყობად ფოთში მდებარე წისქვილკომბინატში სერიოზული ტექნიკური გადაიარაღება ჩატარდა და ახალი თაობის ტექნოლოგიური ხაზები დამონტაჟდა. პირველ ეტაპზე საწარმო 22 ათასი ტონა ხორბლის შენახვას შეძლებს. მომავალში ეს რაოდენობა 250 ათას ტონამდე გაიზრდება.

2012 წლის პირველ კვარტალში, პორტის ტერიტორიაზე ვაკუუმ-ტურბო დამონტაჟდება, რომლის საშუალებით ხორბლის ელევატორიდან ან გემების ტრიუმიდან ხორბლის მარცვლის ტრანსპორტირება და 30-35 ათას ტონიანი გემების დაცლა-დატვირთვა იქნება შესაძლებელი. ეს საქართველოს საშუალებას მისცემს ფოთის ტერმინალში შუა აზიიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ხორბალი მიიღოს და დაასაწყობოს, ასევე, შავი ზღვის აკვატორიის რეგიონებსა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს (ეგვიპტე, ტუნისი, ლიბია, სირია) სხვადასხვა მარცვლეული მიაწოდოს.

ფოთში ხორბლის ტერმინალის ამოქმედება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის - TRACECA-ს რაციონალურ გამოყენებას და აღნიშნულ სატრანსპორტო მაგისტრალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც შავი ზღვის აუზის და მეზობელი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას მკვეთრად გაზრდის. საქართველოში ტერმინალის არსებობა და მისი რესურსი, ხორბლის ფასების პერმანენტული რყევების შედეგად ქვეყანაში პურის ფასების ცვლილებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.