დავით გამყრელიძე ხონის რაიონის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, დავით გამყრელიძე, დღეს ხონის რაიონის სოფლების – ახალშენისა და კუხის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახალშენამდე, რომელიც ძირითადად სვანეთიდან ჩამოსული ეკომიგრანტებით არის დასახლებული, მისასვლელი 5 კმ-იანი გზის გავლას 40 წუთზე მეტი სჭირდება.
სოფლელები ჩივიან, რომ ასეთი მოუწესრიგებელი გზის პირობებში ხშირად სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ ახერხებს სოფლამდე მიღწევას. ელექტროენერგიის მიწოდებაც იმდენად გაუმართავია, რომ ადგილობრივთა თქმით, ქარზე და წვიმაზეც კი ითიშება.
შეხვედრის შემდეგ, ახალშენის მცხოვრებლებმა, დავით გამყრელიძეს სკოლის შენობის დათვალიერება სთხოვეს, სადც ურემონტობის გამო მძიმე პირობებია და ამ ცივ ამინდებში სკოლას შენობის გასათბობად შეშაც კი არ მოეპოვება. მიუხედავად სოფლის მცხოვრებთა სურვილისა, სკოლის ადმინისტრაციამ შენობაში პოლიტიკოსთა შეშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
"ამ სკოლის მაგალითმაც კიდევ ერთხელ გაამყარა "ახალი მემარჯვენების" აზრი, რომ საქართველოში სოფლის სკოლებს უამრავი პრობლემა აქვთ და ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება", - აღნიშნავენ პარტიაში.

























