"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე და შიდა ქართლის რეგიონული ხელმძღვანელი სოსო ბორცვაძე დღეს, გორის რაიონის სოფლების ზეღდულეთის, სვენეთის, გარეჯვარისა და ვარიანის მოსახლეობას შეხვდნენ .

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმძიმესი მდგომარეობაა სოფელ ზეღდულეთში, რომელიც ე.წ. ცხინვალის რეგიონიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სოფელს არ აქვს არც სასმელი და არც სარწყავი წყალი; შეუძლებელია ტყიდან შეშის გამოტანა, რადგან ტერიტორია ოსების მიერ კონტროლდება, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, მსხმოიარე ხეხილი გაეჩეხა. ყველა ზემოთ დასახელებულ სოფელში სერიოზული პრობლემაა ტრაქტორი, რომელიც 4–5 სოფელს ემსახურება და მოსახლეობა ვერ ახერხებს აგროტექნიკურ ვადებში ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარებას. ადგილობრივები საწვავის, შხამ-ქიმიკატების და სასუქის სიძვირესაც უჩივიან.

"მემარჯვენეების" ცნობით, სოფელ სვენეთში ორი უბნის მოსახლეობა ერთმენთს ვერ უკავშირდება იმის გამო, რომ დაზიანებულია ხიდი. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემებით არ ინტერესდება ადგილობრივი ხელისუფლება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ არაეფექტურად ხდება სოფლის დახმარების პროგრამის გამოყენება.

სოფელ ვარიანში მოსახლეობამ საყვედური გამოთქვა განათლების ხელმოუმწვდომლობის გამო. მათი თქმით, ძალიან რთულია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც ახალგაზრდობა იძულებულია, უარი თქვას უმაღლესი განათლების მიღებაზე. სოფლის მოსახლეობამ აღნიშნა, რომ სოფელ საქაშეთში სკოლას არ მოეწოდება ელექტროენერგია, რადგან გადამცემი ხაზი 2008 წ. აგვისტოს ომის შემდეგ დაზიანდა.

დღესვე მანანა ნაჭყებია ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერით შიდა ქართლის რეგიონურ პრობლემებზე ისაუბრებს.