სოფელ სვენეთის მოსახლეობას მთავრობის ახალ ინიციატივას გააცნობენ

სოფელ სვენეთის მოსახლეობას მთავრობის ახალ ინიციატივას გააცნობენ

სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები სოფელ სვენეთის მოსახლეობას საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გააცნობენ, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან თავისუფლდება .

ზაზა გოროზია და დიმიტრი გვინდაძე გორის რაიონის სოფელს დღეს, 14:00 საათზე ეწვევიან.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებით, ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაიზრდება და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება მოხდება.

ამ დრომდე მეწარმე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%–იან დღგ-ს იხდიდა, ამას დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარჯებიც ემატებოდა, რაც იმპორტირებულ პროდუქციას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ცვლილებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენცია შეჩერდება. ზოგ შემთხვევაში კი - შემცირდება.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-სგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.