"პალიტრამედიის" ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა" 17 წლისაა. გაზეთი, რომელიც მკითხველს ყოველ ორშაბათს ესალმება სლოგანით - "თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით", 1995 წლის 18 აპრილიდან გამოდის. თავიდან "კვირის პალიტრას" დაიჯესტის სახე ჰქონდა - თავს უყრიდა და ბეჭდავდა ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კვირის ყველაზე საინტერესო მასალებს. ორიოდე წლის შემდეგ გაზეთმა საკუთარი ორიგინალური მასალების მომზადება დაიწყო, რის შედეგადაც გაიზარდა მკითხველის ინტერესიც და ტირაჟიც.
ერთი წლის შემდეგ "კვირის პალიტრამ" ქართული პრესის პალიტრას ჟურნალი "ბომონდი" შემატა. შემდეგ კი, მიყოლებით შეიქმნა რეკლამისა და განცხადებების ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი "სიტყვა და საქმე", საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "გზა", რელიგიური ჟურნალი "კარიბჭე", სამედიცინო ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და ა.შ
"პალიტრა" დღეს მულტიმედიური კომპანიაა, რომელიც გამოსცემს 20-ზე მეტი დასახელების გაზეთსა და ჟურნალს, მაუწყებლობს რადიო სიხშირეზეც FM 103.9 – რადიო "პალიტრა" და ინტერნეტშიც ინტერნეტტელევიზია – "პალიტრა TV"; "პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” მაღალრეიტინგული საინფორმაციო და ნიშობრივი ინტერნეტ-პორტალები - ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, sportall.ge, saqme.ge, marao.ge; პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა სერვისი"; წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"; წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"; სტამბა "კოლორი" და სხვა. "პალიტრის" კიდევ ერთი სიახლეა კულინარიული ჟურნალი - "გემრიელი", რომლის პირველი ნომერი სააღდგომოდ გამოვიდა.
დღეს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა სტრუქტურაში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
"პალიტრა მედია" მედიასფეროში მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვას განაგრძობს და მკითხველისთვის საინტერესო მედიაპროდუქტის შეთავაზებას მომავალშიც გეგმავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"