ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლიდან ბალახვანის მოედნამდე უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დღეს "ქართული ოცნების" აქცია უნდა გაიმართოს, მხარდამჭერთა რიცხვი თანდათან მატულობს.
თითქმის უკვე შევსებულია აღმაშენებლის გამზირი. დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ბალახვანის მოედნამდე უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ძირითად ნაწილს შეადგენენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც შეკრების ადგილზე ჯერ კიდევ 15.00 საათიდან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს თანდათან უერთდებიან იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები. როგორც ისინი აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი იყო ზეწოლა და დაშინების მცდელობები სხვადასხვა რაიონებში, მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობისა ღიად უცხადებს მხარდაჭერას "ქართულ ოცნებას" და აქვთ იმედი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაც ჩაივლის წარმატებით და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას სწორედ ეს პოლიტიკური კოალიცია მიაღწევს.
რაც შეეხება ლიდერებს, აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან ზვიად ძიძიგური, დავით მაღრაძე, სოზარ სუბარი, გუბაზ სანიკიძე. ასევე, იქ იმყოფებიან შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური. მომიტინგეებს უკვე შეუერთდა კახი კალაძეც. მისი განცხადებით, სამტრედიაში არის საკმაოდ დიდი აქტიურობა და მას იმედი აქვს, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, კალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ის აპირებს მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.

























