ბიძინა ივანიშვილი - სახელმწიფო იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე

ბიძინა ივანიშვილი - სახელმწიფო იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე

სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ვისაც ექნება იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან უფრო უკეთესი ან დამატებითი მომსახურება მიიღოს, მას ამის უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ვისაც არ აქვს საამისო სახსრები, მისი სადაზღვევო პაკეტი ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული.

ივანიშვილის თქმით, ბაზისური პაკეტის საშუალებით საქართველოს მთელი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით. "ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს სფერო. ჩემი დავალებით ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები. არა ერთი დაძაბული დღე გამოვიარეთ, ყველაფერი დეტალურად გავთვალეთ, მსოფლიო გამოცდილებასაც გადავხედეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები", - აღნიშნა მან.

"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, არავისთვისაა უცხო, რომ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სახელმწიფოსაგან მიტოვებულნი არიან.

"ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ახალ-ახალ საავადმყოფოებს ხსნის, ქუთაისშიც გაიხსნა რამდენიმე საავადმყოფო. გარდა იმისა, რომ ეს საავადმყოფოები გამოუსადეგარია და ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებსაც კი, ისინი ფინანსურადაც მიუწვდომელია მოსახლეობისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მძიმე დღეში საშუალო თაობა აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებსაც არც საპენსიო ასაკი შესრულებიათ და აღარც სამსახური აქვთ და, შესაბამისად, არც სამედიცინო დაზღვევა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს თაობა, რომელზეც ქართული ოჯახი დგას, რომლებმაც შვილებიც უნდა არჩინონ და მშობლებიც, ხელისუფლებისგან მთლიანად მიტოვებულია.

"მკურნალობისთვის გაწეული კატასტროფული ხარჯების გამო უამრავი ადამიანის გაღატაკება და უსახლკაროდ დარჩენა უნდა დამთავრდეს, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა!", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.