ბიძინა ივანიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ყველა ეთნიკურ ჯგუფთან ერთად აპირებს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ყველა ეთნიკურ ჯგუფთან ერთად აპირებს.
როგორც ივანიშვილმა ქუთაისში დღევანდელ აქციაზე განაცხადა, როდესაც ბლოკი "ივანიშვილი - ქართული ოცნება" გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და მოვა ხელისუფლებაში, ყველა დანაპირებს შეასრულებს. "ჩვენ შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. ჩვენ შევძლებთ და საქართველოს საზოგადოება აღარასდროს დაიყოფა ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად. თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით! ჩვენ შევძლებთ და ტელევიზიები და მედიასაშუალებები აგიტაციასა და ტვინის გამორეცხვაში კი არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ დამოუკიდებელი, კვალიფიციური ჟურნალისტიკა იქნება მათი წარმატებისა და ნდობის გარანტი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი გუნდი შეძლებს და მოხუცები და ბავშვები უზრუნველად იცხოვრებენ. "ეს ჩვენი ღირსების საქმეა", – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, მისი გუნდი შეძლებს და ისეთ სახელმწიფოს ააშენებს, სადაც ხალხი იქნება ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება ანგარიშვალდებული იქნება თავის ხალხთან.
"ჩვენ შევძლებთ და ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძენები და სხვები - ერთად, მშვიდობიანად აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას. ჩვენ შევძლებთ და საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი! ჩვენ შევძლებთ და დავამკვიდრებთ ისეთ პოლიტიკურ კულტურას, როდესაც ხელისუფლების ღირსების საკითხი იქნება, როგორ მოექცევა იგი მომავალ ოპოზიციას და ამას თქვენ ნახავთ ოქტომბრიდან - ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ჩვენ შევძლებთ და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას", – განაცხადა სიტყვით გამოსვლით დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა.

























