ჩოხატაურში დღეს ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩოხატაურში, დღეს ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია დაიწყო. დუმბაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში, ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად პირადად დაათვალიერა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩა წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შეზღუდული იყო სანიაღვრე არხების ფუნქციონირება. დაზიანებული იყო გზის საავტომობილო და ფეხით სავალი ნაწილი, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება დუმბაძის 2 კმ-იან ქუჩასა და გზის სავალი ნაწილის გასწვრივ არსებულ საფეხმავლო ბილიკებს, ჩოხატაურის ცენტრალურ მოედანსა და აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მეორე მცირე ზომის მოედანს. განახლდება სანიაღვრე არხების წყალმიმღები ჭები. ქუჩასა და მოედნებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
სამუშაოებს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.

























