გორის ციხის მიმდებარედ კოსტუმირებული კარნავალი გაიმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხვალ, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, "კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა - კარნავალი" გაიმართება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე გახსნის.
კარნავალის ფარგლებში მოხდება კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მიერ ისტორიული ფაქტებისა და გმირების გაცოცხლება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან "ბერიკები", "შავნაბადოსნები," გაიმართება წარმოდგენა "სტუმარ-მასპინძელი". საღამო გაფორმდება ხალხური სიმღერებით. სუხიშვილების მუსიკოსები წარმოადგენენ ძველი ხალხური საკრავების პროგრამას.
წარმოდგენები გორის ციხის ექვს სხვადასხვა ადგილას გაიმართება. ღონისძიება ცეცხლოვანი პერფორმანსით დაიხურება.
დასწრება უფასოა და ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.

























