ქდმ-ს ლიდერებმა სოფელ კალაში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოილოცეს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მესტიის რაიონ სოფელ კალაში იმყოფებოდნენ, სადაც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოილოცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქდმ-დან აცნობეს, გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე უშგულშიც ჩავიდნენ, სადაც ლამარიას მამათა მონასტერი მოინახულეს და ადგილობრივ ბერებს გაესაუბრნენ.

მოძრაობის ლიდერები მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებსაც გაეცნენ.

სვანეთში დილიდან კვირიკობას აღნიშნავენ. ეს ტრადიციული დღესასწაულია, რომელზეც ყოველი წლის 28 ივლისს სოფელ კალაში უამრავი ადამიანი იკრიბება. სპეციალურად ამ დღისთვის კალაში სვანეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩადიან.

გიორგი თარგამაძეს განცხადებით, დღეს ყველა მორწმუნე ოჯახისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან წმინდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებას შესთხოვენ.

"მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო საუკეთესო სურვილები, იმას, რასაც გვასწავლის უფალი. თავისუფლება ყოფილიყოს ამ ქვეყანაში მთავარი ღირებულება. დღეს არის დღე, როდესაც ამდენი ქართველი ერთად არის შეკრებილი, ერთად ლოცულობს , იმედი აქვს უფლის და აქედან მიაქვს მისი წილი სითბო და სიყვარული თავიანთ ოჯახებში, ქალაქებსა თუ სოფლებში რაც მთლიანობაში აძლიერებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ

"ქრისტიან-დემოკრატები" უკვე ორი დღეა, რაც სვანეთში იმყოფებიან და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ხვალ მოძრაობის ლიდერები მესტიის მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს