"ქართული ოცნების" წევრი ბიძინა გუჯაბიძე ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დაშინებაში ადანაშაულებს.
როგორც გუჯაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკვე რამდენიმე თვეა, "ქართული ოცნება" ადიგენში ოფისის დაქირავებას ვერ ახერხებს.
"დღეს ერთმა პირმა, ნინო ჩოგოვაძემ გადაწყვიტა გაექირავებინა თავისი ფართი, მაგრამ ზეწოლის გამო ეს ვერ შეძლო. ამიტომ მან ეს ფართი ჩუქების გზით გაასხვისა და შორეულ ნათესავ ნუნუ ლომთაძეს გადასცა. დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში გატარდა და თანხაც გადახდილია, მაგრამ საჯარო რეესტრი ზეწოლის გამო ამ ინფორმაციას ვებ-გვერდზე არ ათავსებს, შესაბამისად, ნუნუ ლომთაძე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნა გუჯაბიძემ.
მოსახლეობის დაშინებაში კი "ქართული ოცნების" წევრი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელ დავით მერაბიშვილს, ადიგენის პოლიციის უფროს ნოდარ ბაღდოშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩილინგარაშვილს ადანაშაულებს.
"მას შემდეგ, რაც ნინო ჩოგოვაძემ ფართი ნუნუ ლომთაძეს აჩუქა, მჩუქებლის მამას, ოთარ ჩოგოვაძეს დაუკავშირდა პოლიციის უფროსი და უთხრა, რომ თუ ქალიშვილს ჩუქების ხელშეკრულების ანულირებას არ აიძულებდა, მისი ოჯახის ხუთ წევრს დაიჭერდა. ასეთი მდგომარეობაა ადიგენში. მეორეს მხრივ კი, ნუნუ ლომთაძე, ვისაც ჩოგოვაძემ ფართი აჩუქა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების არქონის გამო, ფართის გაქირავებას ვერ ახერხებს. ეს იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ზეწოლა საჯარო რეესტრზეც განახორციელა", - აღნიშნა გუჯაბიძემ.
მისივე ინფორმაციით, "აღნიშნულ უკანონობებზე" განცხადებას ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გააკეთებს. "ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ასეთი მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება ოპონენტებს. ამ ყველაფერზე ინფორმაციას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივაწვდი", - აღნიშნა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ ადიგენში "ქართული ოცნების" ოფისი ამ დრომდე კარავშია განთავსებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"