სასამართლოსთან შეკრებილი ასობით ადამიანი კახი კალაძის შტაბის უფროსის გათავისუფლებას ითხოვს

ამ წუთებში სამტრედიის რაიონულ სასამართლოსთან ასობით ადამიანია შეკრებილი, სადაც კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ თევზაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი თევზაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს. თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, თევზაძე ცოტა ხნის წინ შტაბში აიყვანეს და სამართალდამცველებს მისთვის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ. ჩრდილელი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ჩვენი მხარდამჭერის დაკავების მე-4 შემთხვევაა. ესაა ღია პოლიტიკური დევნა, რომლის ინსტრუმენტადაც გამოყენებულია სამტრედიის პოლიციის უფროსი, კუბლაშვილების "ხელის ბიჭი" ზვიად ობილაძე", - აღნიშნა ჩრდილელმა.

























