ვაქირის #5-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალებისა" და კოალიციის აქტივისტები არიან შეკრებილი

ვაქირის #5-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალებისა" და კოალიციის აქტივისტები არიან შეკრებილი

სიღნაღის რაიონის ვაქირის #5-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან შეკრებილი.

როგორც კონკურენტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აცხადებენ, ხალხი იქ საკუთარი ნებით მივიდა. "ეს უბანი გადაწყვეტს, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატი მომავალი მოწვევის პარლამენტში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "ეს უბანი სიღნაღის რაიონის საარჩევნო ოლქში გადამწყვეტია. არჩევნები საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა, წინასაარჩევნო ფონი საკმაოდ მძიმე იყო, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლებიც. ვიმედოვნებ, სიღნაღის მოსახლეობას ამ უბანზე ჩატარებული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ დროზე გამოავლინოს დეპუტატი, რომელიც ხალხის ბედზე იზრუნებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა. იგი არ გამორიცხავს, რომ პირველი არჩევნების მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახლაც შეეცადონ გაყალბებას. "ზუსტად ამ უბანში ბეჟაშვილმა წააგო 160 ხმით, რომელიც შემდეგ გააყალბეს. განწყობა იგივეა, მე მგონი უფრო მეტი ხალხი მოგვცემს ხმას. არ გამოვრიცხავ გაყალბებას, რადგან მათგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა გელა გელაშვილმა.

არჩევნები ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.