ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

ხაშურში მიმდინარე განმეორებით არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. როგორც საარჩევნო უბნების კომისიის თავმჯდომარეები აღნიშნავენ, 1-ელი ოქტომბრის საარჩევნო პროცესთან შედარებით დღეს აქტივობა მინიმუმ 50 პროცენტით ნაკლებია. ამ ფაქტზე საუბრობენ კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონულ შტაბშიც და დაბალ აქტივობას ნაწილობრივ ხსნიან იმ გარემოებით, რომ მათი მხარდამჭერები შეგუებულები არიან გამარჯვებას და წინასწარ აქვთ განცდა, რომ კონკრეტული უბნების მაჩვენებლები საერთო შედეგს ვერ შეცვლის.

ამასთან, მოსახლეობის პასიურობა ნაწილობრივ განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლების განწყობას, რომლებიც დღეს განმეორებით მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, როგორც მათი უმეტესობა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, დარწმუნებულები არიან, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მშვიდი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, რადგან ყველანაირი გავლენა და ზეწოლა ხალხს მოხსნილი აქვს და მათ აქვთ საშუალება, საღი გონებით და გააზრებულად გააკეთონ მათთვის მისაღები არჩევანი.

საარჩევნო პროცესი ხაშურში ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცხრა საარჩევნო უბანზე, სადაც 1-ელი ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები გაუქმდა, ხმის მიცემის პროცესი 08.00 საათიდან დაიწყო და 20.00 საათისთვის დასრულდება. ამ დრომდე არც ერთ უბანზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება. ასევე არ დაფიქსირებულა კომისიის წევრების მოხსნის და მათთვის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტები.