აკაკი მინაშვილს ბაჩანა ახალაიასთან სპეციალური ნებართვის გარეშე შეხვედრის უფლება 29 ნოემბრის ჩათვლით მიეცა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილს ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასთან სპეციალური ნებართვის გარეშე შეხვედრის უფლება 29 ნოემბრის ჩათვლით მიეცა.
მინაშვილთან დაკავშირებით ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამოსცა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მას სპეციალური ნებართვის გარეშე საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ ახალაიას მონახულების უფლება აქვს. დავით უსუფაშვილის ბრძანება 29 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიასთვის საპატიმრო დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის შესახებ მინიჭებულ უფლებას, მასთან დაკავშირებით ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ 2 ნოემბერს გამოსცა და დოკუმენტი 2013 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს. ბესელია ამ უფლებით ნებისმიერ პატიმართან შეხვედრისას ისარგებლებს.
”პატიმრობის კოდექსის”, ”პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ უფლებამოსილ დეპუტატს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში შესვლის უფლება აქვთ. ამასთან, პარლამენტის წევრს შეიძლება მიეცეს პატიმრობის ადგილებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. ამ უფლების მინიჭება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ხდება.

























