ქართულ-რუსული ფილმის, "სიყვარული აქცენტით" შესახებ ხვალ, "რია-ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, მსახიობები ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, დუტა სხირტლაძე, ასევე პროდიუსერები არჩილ გელოვანი და იგორ მიშინი ჩაატარებენ.
ფილმში როგორც ქართველი, ასევე რუსი მსახიობები მონაწილეობენ. "სიყვარული აქცენტით" თბილისის კინოეკრანებზე უკვე გადის, თუმცა, გადამღები ჯგუფი თბილისში ახლა, რუსული კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა.
ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე დავით ევგენიძემ, გია ყანჩელმა, იგორ ბუტმანმა, ლეონიდ აგუტინმა, ანჟელიკა ვარუმმა და ასევე რუსმა მომღერალმა ელკამ იმუშავეს. ფილმი მსუბუქი კომედიის ჟანრისაა, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის პოლიტიკაზე. ფილმში სრულიად სხვადასხვა ადამიანების რომანტიკული თავგადასავლებია ასახული.
რუსული კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ფილმს ხვალ, კინოთეატრ "რუსთაველში" 19:00 საათზე აჩვენებენ.