გიორგი ჟუჟუნაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებს პასუხობს

"ვინ განსაზღვრა, ვინ კავკასიოლოგია და ვინ რუსისტი", _ ამის შესახებ თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ჟუჟუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც დეკემბრის ბოლოს ჩატარებულ კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ.

გიორგი ჟუჟუნაშვილის თქმით, მისი სპეციალობაა საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია, სადისერტაციო თემა კი, მე-16-19 საუკუნის რუსული საარქივო მასალები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც კავკასიის გარეშე შეუძლებელია.

"ვარ 114 ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 70-ზე მეტი კავკასიური თემატიკისაა. ნებისმიერი ექსპერტი ამას დაადასტურებს. თუმცა, რა საჭიროა ექსპერტი, როდესაც ისტორიკოსების მიერ შედგენილმა კომისიამ ორჯერ დაადასტურა, რომ ჩემი ნაშრომების თემატიკა კავკასიის ისტორიის თემატიკას შეესაბამება. მეორე კომისიამაც იგივე დაადასტურა. 93 წლიდან მის სალექციო კურსებში კავკასიოლოგიის თემატიკა ფიგურირებს. წინააღმდეგი არ ვარ მიმართონ სასამართლოს", _ დასძინა ჟუჟუნაშვილმა.

მისივე თქმით, ასისტენტ პროფესორის თანმდებობაზე ყოფნის ვადა მას 2012 წლის სექტემბერში გაუვიდა, რის შემდეგაც იგი ინსტიტუტის ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ცირა ბარამიძემ სტუდენტებთან და პროფესურასთან ერთად დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინსტიტუტში სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ორჯერ ჩატარდა. პირველი კონკურსი აგვისტოში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სრული პროფესორი ჯონი კვიციანი და რუსეთის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი გიორგი ჟუჟუნაშვილი. მისი თქმით, ამ კონკურსის შედეგად გაიმარჯვა გიორგი ჟუჟუნაშვილმა, თუმცა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა ეს ფაქტი უნივერსიტეტის რექტორთან გააპროტესტეს და აგვისტოში ჩატარებული კონკურსის შედეგები გაუქმდა.

ბარამიძის თქმით, დეკემბერში ჩატარებული კონკურსის შედეგად ისევ გიორგი ჟუჟუნაშვილი გამოცხადდა გამარჯვებულად. ცირა ბარამიძის აცხადებს, რომ ჟუჟუნაშვილი არ არის სრული პროფესორი და არ შეესაბამება სპეციალობას - იგი რუსეთის ისტორიის მიმართულების პროფესორია.

კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები ითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა საკონკურსო კომისიის შედეგების გადახედვა უზრუნველყონ და ასევე დადგინდეს, თუ რამდენად სამართლებრივად სწორედ გაიმართა კონკურსი.

ცირა ბარამიძე ასევე აცხადებს, რომ გიორგი ჟუჟუნაშვილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მფარველობს, რამაც კონკურსის აღნიშნული შედეგი გამოიწვია. ამასთან, პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ გიორგი ჟუჟუნაშვილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობას ითავსებს.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე დასასწრებად მივიდა თავად გიორგი ჟუჟუნაშვილი, თუმცა მას პრესკონფერენციის მონაწილეებმა ოთახი დაატოვებინეს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?