ავჭალაში სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულება გაიხსნა

ავჭალაში #11 სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულება გაიხსნა. რეაბილიტირებული დაწესებულება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა გახსნეს.
დაწესებულებაში, ცნობილი ბუნტის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს დაწესებულების გახსნისას განუცხადა, შენობა მთლიანად გარემონტდა და მასში განთავსდა თანამედროვე აღჭურვილობა. მოეწყო სასწავლო ოთახებიც, თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში #11 დაწესებულებასთან არსებულ 3 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე იგეგმება ახალი სკოლის აშენება, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეეძლებათ სრულფასოვანი განათლების მიღება.
რაც შეეხება ახლად გახსნილ დაწესებულებას, მასში მოეწყო სპორტული დარბაზი, განახლდა სამზარეულო და საძინებელი ოთახები. ამასთან დაწესებულებაში მოეწყო გრძელვადიანი პაემნების ოთახებიც, რომელშიც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 48-საათის განმავლობაში შეეძლებათ ახლობლებთან შეხვედრა.
ამჟამად, მინისტრის ინფორმაციით, დაწესებულებაში სხვადასხვა ციხეებიდან 48 მსჯავრდებული უკვე გადაიყვანეს. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 60-მდე გაიზრდება.
ავჭალის დაწესებულაში არასრულწლოვან პატიმართა ბუნტი 2012 წლის აგვისტოში მოხდა.

























