მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები, ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. მესამე ბრალდებულმა "დექსუსის" დამფუძნებელმა, ივანე ცაგურიამ კი, გუშინ საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.

როგორც ბრალდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება და განსაკუთრებით გაახარა გადაწყვეტილებამ ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან,რუსუდან კერვალიშვილი, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს შეძლებს თუ არა დაკისრებული 250 000-ლარიანი გირაოს თანხის გადახდას.

"კმაყოფილი ვარ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით და მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს ჩემთვის საქმიანობის გაგრძელებისა  და მოვალეობის შესრულების საშუალების მოცემისთვის, ხოლო ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს საიდან უნდა გადავიხადო აღნიშნული თანხა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მაია რჩეულიშვილი კი აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას შეძლებს. მისი თქმით, 250 000 ლარის დაკისრებით საშუალება ეძლევა, რომ დაკისრებული მოვალეობები მოქალაქეებთან დაკავშირებით შეასრულოს.

"ჩვენ მოვალეობების შესრულების პროცესში უკვე ვართ, ყველა გაჩერებული ობიექტი დაძრულია და ვფიქრობ, ერთ წელიწადში ყველა მოვალეს დავაკმაყოფილებთ", _ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250 ათას ლარიანი გირაოს გადახდა 30 დღის ვადაში დაეკისრა. ამასთან, ორივე ბრალდებულმა 24- საათის განმავლობაში პროკურატურას უნდა ჩააბარონ პასპორტები.

რაც შეეხება "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას, მას სასამართლომ 100 000- ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა რჩეულიშვილისა და კერვალიშვილთან მიმართებაში, თითოეულისთვის გირაოს თანხის მილიონით განსაზღვრას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ივანე ცაგურიას პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. მოსამართლემ ცაგურიასთან მიმართებაში ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო კერვალიშვილთან და რჩეულიშვილთან მიმართებაში შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია