თელავში დამისამართების პროექტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ეკა კერესელიძე და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი თელავში, დღეს, დამისამართების პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ აღიწერა და დაინომრა თელავში მდებარე ყველა სახლი და ბინა, შეგროვდა არსებული ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია: განისაზღვრა თითოეული ქუჩის დასაწყისი და დასასრული, აღიწერა ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები თუ სკვერები, დადგინდა ქუჩების მიმართულება; შეგროვდა ინფორმაცია ყველა ტიპის, მათ შორის, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობებზე;
თელავში, დამისამართების პროექტის ფარგლებში მიმდინარე საველე სამუშაოებისას აღიწერა 7602 შენობა–ნაგებობა, მათ შორის 4992 საცხოვრებელი შენობა (საერთო ფართი 1 145 493 კვ.მ) და 2070 არასაცხოვრებელი შენობა( 534 339 კვ.მ საერთო ფართითი).
მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართება, სერვისების განვითარების სააგენტომ ახლად შექმნილ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა.
დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას.
"გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება.
დამისამართების ერთიანი სისტემის შექმნა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.
დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიც არის პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დამხარება.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს", -ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

























