საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი დღეს კლინიკა "მედულაში" საჩვენებელ ოპერაციებს ჩაატარებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, კლინიკაში უროგენიტალური პროლაფსის ლაპარასკოპიული მეთოდით მკურნალობა ინერგება.
"შარდის შეუკავებლობა რეპროდუქციული ასაკის ქალთა 25%-ს, ხოლო პოსტ-მენოპაუზაში მყოფ ქალთა 50%-ზე მეტს უვითარდება. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს რიცხვი 40-60%-მდე აღწევს. თუმცა ეს დაავადება განკურნებადია, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდით. კლინიკა "მედულაში" უკვე დანერგილია ამ პათოლოგიის მკურნალობის უახლესი მეთოდები.
ენდოსკოპიური ქირურგია მომავლის ქირურგიაა, რაც ნაკლებ ტრავმასა და გართულებებს გულისხმობს. მისი მთავარი უპირატესობა გახლავთ ანატომიური მთლიანობის უფრო უკეთ შენარჩუნება, კარგი ვიზუალიზაცია მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში, საუკეთესო ფუნქციურ შედეგებს განაპირობებს" , - აცხადებს პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი.
კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, რევაზ ბოჭორიშვილის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციის გამართვაც, რომელზეც, კლინიკის თანამშრომლები, გინეკოლოგიური და უროლოგიური პაციენტების მკურნალობის კუთხით დაგროვილი გამოცდილების შესახებ გააკეთებენ მოხსენებებს.