კაზრეთში მოშიმშილეთა რიცხვი გაიზარდა

კაზრეთში მოშიმშილეთა რიცხვი გაიზარდა

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე და ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ,,RMG ჯგუფის" საწარმოებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნენ.

კახა კუკავას განცხადებით, ის ეკონომიკის მინისტრს შეხვდება და პირველ რიგში ხელფასების გაზრდისა და ადმინისტრაციის გადააყენების საკითხს დააყენებს.

,,აუცილებელია, რომ საწარმოში ხელფასებზე ზღვრული ნორმა დაწესდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ხელმძღვანელს მუშაზე სამჯერ ან ოთხჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ათჯერ და ოცჯერ მეტი დაუშვებელია. მე ამ საკითხს ეკონომიკის მინისტრის წინაშე დავაყენებ. ეს საწარმო ქვეყნის სიმდიდრეა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები თუ არ შესრულდება, შესაძლოა მინისტრის წინაშე ინვესტორთან ტენდერის გადასინჯვის საკითხიც დაავყენო," - განაცხადა კახა კუკავამ.

დღევანდელი აქცია უფრო ფართომაშტაბური იყო. ,,RMG ჯგუფის" საწარმოების შესასვლელთან 1000-მდე ადამიანია შეკრებილი, რვა მოშიმშილეს დღეს კიდევ ორი შეუერთდა და მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც იღებენ, უკვე მესამე დღეა, რაც კაზრეთის ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია.

მოშიმშილეები და გაფიცული მუშები სამსახურში უპირობოდ აღდგენას, საწარმოს ადმინისტრაციის გათავისუფლებას, ხელფასების გაზრდას, სამუშაო და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.