საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადადის. სამსახურის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციას "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. იმავდროულად, ცვლილებები შედის "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონშიც და ყველა ის ნორმა, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ეხება, აღნიშნული კანონიდან ამოდის.
"რეორგანიზაციის მიზეზი ამ ორგანოს ფუნქციონირების ქმედითობის გაზრდაა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციების განხორციელება უკავშირდება სწორედ უკანონო შემოსავლების აღმოჩენას, მისი ლეგალიზების პრევენციას და შესაბამის ქმედებებს. აღნიშნული საქმიანობა მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული. სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ინტეგრირება სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის", – განმარტავს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.
პროექტის მიხედვით, სამსახურის რეორგანიზება ორი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"