ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2014

წარადგენს თუ არა საგარეო უწყება ქარუმიძეს ელჩად

ირაკლი ტრიპოლსკი - "ამდენი ტყუილის მოსმენა არ შემიძლია, ვერ გავძელი..."

"ახალგაზრდული ცენტრი" - "აქციები "ნაცმოძრაობის" სრულ დემონტაჟამდე გაგრძელდება"

***

წარადგენს თუ არა საგარეო უწყება ქარუმიძეს ელჩად

"მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არ განიხილება, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქარუმიძის ნაწარმოების "მელია-ტულეფიას" გამო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლიანმა მწერალსა და ყველას, ვინც მის ელჩად დანიშვნას მხარს დაუჭერდა, "ფალოსი" უწოდა. თუმცა მოგვიანებით ხელაიას ხელმძღვანელმა, მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა, რომ ეს კანდიდატურა სინამდვილეში მართლა განიხილება, მაგრამ "არსად გადაგზავნილი არ არის". მინისტრი ამბობს, რომ დიდ პატივს სცემს მწერალს და მისი პერსონის გარშემო ატეჟილ აჟიოტაჟს "არაჯანსაღს" უწოდებს. ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ელჩებს პარლამენტი არ ამტკიცებს, და კანდიდატურები პირდაპირ მთავრობას გადაეგზავნება-ხოლმე.მწერალი ქარუმიძე დეპუტატი ჯაჭვლიანის აგრესიის ობიექტი რომანის გმირის სიზმრის გამო გახდა, სადაც სვანეთის წარმართობისდროინდელი ერთ-ერთი რიტუალია აღწერილი (მანამდე ამ თემას საკმაოდ მწვავე სტატია მიუძღვნა "ასავალ-დასავალმა"). ჯაჭვლიანის აზრით, ქარუმიძემ თავისი ტექსტით სვანურ ტრადიციას და ზოგადად სვანებს შეურაცხყოფა მიაყენა. მართალია, ეს საერთოდ, მხატვრული ტექსტის გამო საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან აგრესიის პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ამჯერად საუბარია არა საზოგადოების რიგითი წევრების პროტესტზე, არამედ თავად საგარეო უწყების მხრიდან მწერლის ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილების შეცვლაზე, რასაც მწერლებისა თუ საზოგადოების სხვა ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წარადგენს თუ არა საგარეო უწყება ქარუმიძეს ელჩად.

"თავად ზურაბ ქარუმიძე ამ საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი ნაწარმოები არასწორად იქნა გაგებული - "გაუგებრობას აქვს ადგილი, რომანისა, როგორც მხატვრული ტექსტისა, როგორც მეტაფორული ტექსტისა". პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა გადაწყვეტილი საკითხი იყო და ჯაჭვლიანის "სამარცხვინო განცხადების" შემდეგ უარის თქმა, წარმოუდგენელი ამბავია. "არა თუ განზრახვა, არამედ პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხი იყო და პრეზიდენტთან უნდა გაგზავნილიყო. იგივე კანცელარიაში და იგივე სამინისტროებში ეს ყველამ იცოდა და თავად ქარუმიძე უკვე მილოცვებს იღებდა. ეს მილოცვები მისი "ფეისბუკის" კედელზეც შეგიძლიათ ნახოთ. "ასავალ-დასავალის" პუბლიკაცია როდესაც გამოქვეყნდა, იქაც სწორედ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ როგორ შეიძლება ელჩად დანიშნო კაცი, რომელმაც თურმე რაღაც საშინელება დაწერა და ეს თქვა იმ რომანზე, რომელიც ძალიან კარგია. მას მერე რაც ეს პუბლიკაცია დაიწერა, ამას ბატონი ჯაჭვლიანის განცხადებაც მოჰყვა. ამას თუ განცხადება ჰქვია. პრაქტიკულად ლანძღვა-გინება იყო, ამის მერე საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვესმის, რომ ქარუმიძის კანდიდატურა საერთოდ არ განიხილებოდა თურმე. ეს როგორ გავიგოთ?! რა თქმა უნდა, ჯაჭვლიანის ლანძღვამ მოახდინა გავლენა. ეს კი გავლენას არ უნდა ახდენდეს. იწერება სიბინძურე, ტყუილი, სისულელე, მერე ამას დეპუტატიც იმეორებს, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვს რაზე ლაპარაკობს. ბოდიში და ასეთი რაღაცები... ელჩის დანიშვნა-არდანიშვნა ასეთ საფუძველზე წარმოუდგენელი ამბავია", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

"დავით ზურაბიშვილის თქმით, ჯაჭვლიანს პარლამენტში ქარუმიძის გინებაში მხარი არავინ აუბა და მისი განცხადება მხოლოდ ერთი კაცის "სამარცხვინო განცხადებად" დარჩება. "ერთი ფალოსი დაუძახოს დათოს?! მისი ეს განცხადება ვერანაირ ზრდილობაში ვერ ჯდება. მე, მართალია, პარლამენტის წევრი არ ვარ, მაგრამ ქარუმიძის ელჩად დანიშვნას მხარს დავუჭერდი, იგივე განაცხადა თინა ხიდაშელმაც და ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ეს ის ხალხია, რომელიც ხელისუფლებაშია და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სამარცხვინო განცხადებად დარჩება. ქარუმიძეზე კარგის მთქმელი ბევრი ვიცი, აუგის მთქმელი ჯაჭვლიანის მეტი - არავინ. "ასავალ-დასავალი" ის გაზეთი სულაც არ არის, რომელიც ქარუმიძეს წაიკითხავს, მაგრამ ეტყობა ვიღაცას მისი დანიშვნის გადაწყვეტილება არ ესიამოვნა, თავისი ანგარიშები ჰქონდა და შეეცადა თითიდან გამოწოვილი სკანდალის აგორებით გადაწყვეტილების შეცვლაზე ზემოქმედება მოეხდინა. და, როგორც ჩანს, მოადხინა. იმედი მაქვს, რომ საგარეო უწყება პირვანდელ გადაწყვეტილებას დაუბრუნდება ისევ, იმიტომ, რომ რაც ხდება ეს წარმოუდგენელია. თავმოყვარეობის საკითხია, სხვა რომ არაფერი", - დასძენს ზურაბიშვილი.

"ზურაბიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება რაღაც ერთიანი მიმართვა შედგეს და მთავრობას კატეგორიულად მოვთხოვოთ, ვიღაც უწიგნური ბნელების აზრის გათვალისწინებას შეეშვას. "პენცენტრის, ლიბ.ჯი-სა და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებები იყო, მაგრამ ერთიანი საჯარო განცხადება ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა. ცოტა დიდი რეზონანსი რომ მიეცეს. ასეთი პრეცედენტის დაშვება არ შეიძლება. არ შეიძლება მთავრობა გადაწყვეტილებას ასეთ საფუძველზე ცვლიდეს,"- ამბობს ზურაბიშვილი.

"ზურაბ ქარუმიძე არის ფანტასტიკური ადამიანი და საქართველოსთვის იქნება საამაყო, ასეთი კაცი წარმოადგენდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა. რაც შეეხება დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის კრიტიკულ განცხადებებს ზურაბ ქარუმიძესთან მიმართებაში, ხიდაშელი აცხადებს, რომ "ჯაჭვლიანის რეაქციაზე კომენტარის გაკეთება მისი საქმე არ არის". ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური მწერლებს ქართული ეკლესიისა და ტრადიციების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. "ვინ მწერლებია ამ პენცენტრში?! ადამიანებს რაღაც ელანდებათ ხოლმე, ჩვენს ვითომ მწერლებსაც ასეთი მოლანდებები აქვთ და ამ მოლანდებებს მსუყედ სხვადასხვა უცხოური გრანტები აფინანსებენ. გრანტებს იმაში იღებენ, რომ ქართულ ეკლესიას და ქართულ ტრადიციებს აგინონ. ეს არის ამ "მწერლების" ძირითადი საქმიანობა. ამ ვაიმწერალმა ქარუმიძემ თავად განმარტა ყველაფერი, რაც გამომცემლობა "სიესტას" ინტერვიუ მისცა. ჩვენს გაზეთში მოყვანილი იყო ქარუმიძის ნაბოდვარიდან, ავანგარდული "ქმნილებიდან" ციტატები, სადაც როგორც თავად ადასტურებს თავისი გმირის სიზმარი აღწერა. იქ ისეთი რამ წერია სვანებზე, მათ სიწმინდეებზე, ლამარიას ეკლესიაზე, რომ მისი განმეორება მზარავს. წარმართული დღესასწაულიდან რაღაც ამოკრიფა, თავისი რაღაცები დაუმატა და თავისი პერსონაჟის ვინმე შაქროს სიზმარში ჩასვა. მან პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც დაწერა... მე რომ დამესიზმროს, რომ ჩემი წარმოსახვითი პერსონაჟი ქარუმიძის მკვდარსა და ცოცხალს აშარდავს საფლავზე, ეს უნდა დავწერო?! ლოგიკურია, რომ ჩემი ავადმყოფური წარმოსახვა იმით გავამართლო, რომ ის ჩემი ლიტერატურული პერსონაჟია და ამის შემდეგ ქარუმიძე შეურაცხყოფილი არ დარჩება?!" - ამბობს გიგაური.

"მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ გადათქვა, რომ ქარუმიძის ელჩად დანიშვნას არ ვაპირებდითო, ახლა კი "რესპუბლიკელებმა შეაშინეს". "დავით ზურაბიშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა - "ესენი ჯანმრთელები არიან?! "ასავალ-დასავალისა" და სოსო ჯაჭვლიანის რჩევებით არჩევენ კადრებს დიპლომატიური კორპუსისთვის" - ეს შეურაცხყოფა ეტყობა გადაყლაპა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ახლა ამბობს, რომ ელჩის კანდიდატურად ქარუმიძე განიხილება, მაგრამ როგორ გადაწყდება არ ვიცითო. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცებს ელჩად იმას, ვინც ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა სვანებს და ქართულ სიწმინდეებს. მწერლებმა კი სჯობს გაიხსენონ, რომ ქართველები არიან და 30 ვერცხლად ნუ გაყიდიან ქართულ სიწმინდეებს. ამაში გრანტების აღება სირცხვილია. უნდა ახსოვდეთ, იუდამ ქრისტე რომ გაყიდა, შემდეგ ამის გამო თავი ჩამოიხრჩო", - დასძენს გიორგი გიგაური.

ირაკლი ტრიპოლსკი - "ამდენი ტყუილის მოსმენა არ შემიძლია, ვერ გავძელი..."

"გიორგი კანდელაკი ევროპელი დეპუტატებისთვის აბსოლუტურად ყველა საკითხზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს და ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. თვითმმართველობის კანონზე, მედიაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ტრიპოლსკიმ, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკთან დაპირისპირების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. ტრიპოლსკი აცხადებს, რომ კანდელაკი ყველანაირად ცდილობს, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს, რისთვისაც უტიფარ ტყუილებს არ ერიდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრიპოლსკი: "ამდენი ტყუილის მოსმენა არ შემიძლია, ვერ გავძელი...".

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა იყო. კანდელაკის და მისი თანაგუნდელების უტიფრობას საზღვარი არ აქვს. კანდელაკი ცდილობს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აბსოლუტური დეზინფორმაცია მიაწოდოს. ამ ყველაფრის მოსმენა აუტანელი იყო. აბსოლუტურად ყველა საკითხზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს და ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც თვითმმართველობის კანონზე, მედიაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე. მე თავის დროზე ვიყავი საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ სამ თვეში გადავდექი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იქ რაც ხდებოდა. ამდენი ტყუილის მოსმენა არ შემიძლია, ვერ გავძელი და პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. ის ინგლისურად ლაპარაკობდა მიკროფონში, მე ქართულად ვუთხარი, რომ აღარ შემილია ამის მოსმენა-მეთქი და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვე. შემდეგ მან ჩემს პოლიტიკურ კულტურაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ეგ არაა პოლიტიკური კულტურა. ეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური პროტესტი იყო", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი.

"საინფორმაციო სააგენტოებზე წავიკითხე, რომ ჩემზე კანდელაკს უთქვამს, ყვიროდაო, მაგრამ ეს სისულელეა. "ნაცმოძრაობის" წევრები ყველაფერს იტყუებიან და ამის მოტყუებაც არ გაუჭირდებოდა. დაწყებისას თინა ხიდაშელმა გააკეთა მოხსენება. უნდა ყოფილიყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მაგრამ როგორც მან და მისმა თანაგუნდელებმა იციან ხოლმე, ტყუილების ლაპარაკი დაიწყეს. გავიდა 15 წუთი, მაგრამ ისევ არ ჩერდებოდა. ეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პირდაპირი ხელშეშლაა. კაცი მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. ხიდაშელს შევახსენე, რომ რეგლამენტი იყო და დროს გადააჭარბა, ქალბატონმა თინამ უთხრა, რომ იქნებ ცოტა მოკლედ ილაპარაკოთო. მაგრამ ის კიდევ არ ამთავრებდა. ამიტომ მე ეს ვერ ავიტანე, შევწუხდი და დარბაზი დავტოვე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ტრიპოლსკი.

"რეგლამენტი დაარღვია თუ არა, არ ვიცი, ჰქონდა თუ არა შეხვედრას რეგლამენტი, არც ეს ვიცი, მაგრამ დღის წესრიგში გარკვევით ეწერა, რომ ჯერ თინა ხიდაშელის გამოსვლა უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. თუ ადამიანს რამე აინტერესებს, კითხვა უნდა დასვას და პასუხი მოითხოვოს და არა ასე, რომ 15 წუთი ტყუილები ილაპარაკოს. "ნაცმოძრაობა" რასაც ცდილობს, კარგად იცით, პირადად კანდელაკი რასაც ცდილობს და რაც გამოსდის, ესეც კარგად იცით. ათას უტიფარ ტყუილს ამბობს. თქვენ რომ მთხოვეთ შეფასება, იმიტომ ვაკეთებ კომენტარს, თორემ მას პასუხს არც ვცემ და არც გავცემ. მათთვის პასუხი უკვე გაცემულია, ქართველმა ხალხმა "ნაცმოძრაობას" პასუხი 2 წლის წინ გასცა", - დასძენს რესპონდენტი.

"ახალგაზრდული ცენტრი" - "აქციები "ნაცმოძრაობის" სრულ დემონტაჟამდე გაგრძელდება"

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში გამოცხადებისკენ მოუწოდეს და წითელი საღებავი შეასხეს შენობაზე განთავსებულ წარწერას "ნაციონალური მოძრაობა" და ვანო მერაბიშვილის პლაკატს, რასაც ერთი აქტივისტის დაკავება მოჰყვა. "ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე "რეზონანსს" აქციის მთავარ მიზანსა და ზოგადად სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას პერმანენტულად აპირებენ მანამ, სანამ "ნაციონალური მოძრაობის" დემონტაჟი არ მოხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ახალგაზრდული ცენტრი": "აქციები "ნაცმოძრაობის" სრულ დემონტაჟამდე გაგრძელდება".

"დღევანდელ აქციაზე მოვითხოვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღოს ისეთ დემოკრატიულ პროცესში, როგორიც პროკურატურაში დაბარებაა და ისეთ გახმაურებულ საქმეს, როგორიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაა, ფარდა ახადოს. გარდა ამისა, ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ იმაზეც, რომ "ნაცმოძრაობა" მეხუთე კოლონაა. თავიანთი მმართველობისას ხალხს თავი იმ ორმაგი სტანდარტებით დაამახსოვრეს, რითიც მოქმედებდნენ - ვითომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, სინამდვილეში კი რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი", - აცხადებს "ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე.

"აქტიურობას სამომავლოდაც ვაპირებთ. 2013 წლის 23 ნოემბრიდან დავიწყეთ აქცია-პერფონმანსით - ვარდების რევოლუციის გასვენება. ამის შემდეგ სიტუაციას ვაკვირდებოდით და ვხედავდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაიქცა ორგანიზაციად, რომელიც მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებით მოქმედებს და არა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შიდა პოლიტიკაში საბოტაჟს აწყობენ, გარე პოლიტიკაში კი შანტაჟს. მიხეილ სააკაშვილი ტროცკივით გვმოძღვრავს ჰოლანდიიდან და გვეუბნება, რომ თურმე დაბრუნდება და საქართველოს გაათავისუფლებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და მას არც ერთ ქუჩას არ დავუთმობთ. აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ "ნაციონალური მოძრაობის" სრული დემონტაჟი არ მოხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძე.

"მე ჩემს ორგანიზაციაზე ვარ პასუხისმგებელი და ვიტყვი, რომ კონსტრუქციულები ვართ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება "თავისუფალ ზონას", ეგ ორგანიზაცია კი საერთოდ არ ვიცი, საიდან გაჩნდა და როგორ დაიწყეს საქმიანობა. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში მეორე მაიდანი არ განმეორდეს, იგივე პროცესები არ განვითარდეს, რაც უკრაინაში და ქვეყანამ უფრო უკან არ დაიხიოს, ამიტომ მათ არც ერთ გოჯ ადგილს არ დავუთმობთ, სადაც ისინი ამის გაკეთებას შეეცდებიან. ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიები კიდევ დააკარგვინოს. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ისინი კი ძალიან მშიშრები არიან და ჩვენთან პირდაპირ ესკალაციაზე წამოსვლას ვერ გაბედავენ. ზოგადად კი, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ორგანიზაციის წევრი დაახლოებით 70 კაცია, მაგრამ მათ უკან გაცილებით მეტი დგას. მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენს აქციას შეგახსენებთ, რომელიც ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მოეწყო, მეგობრებსა და ახლობლებს შევატყობინეთ და დაახლოებით 600 ადამიანი მოგროვდა. ისინი წევრები არ არიან, მაგრამ ჩვენს მოსაზრებებს იზიარებენ და გვერდში გვიდგანან. ამ რესურსის მობილიზება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ჩვენი ოჯახები და ჩვენ ვართ ორგანიზაციის შემოსავლის წყარო. ორგანიზაციის წევრები დასაქმებულები არიან, სხვადასხვა სფეროში მუშაობენ და ჩვენს თავს თავადვე ვაფინანსებთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პროექტებზე", - დასძენს ზურაბ ქადაგიძე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია