მუხიანში მდებარე "მედისონის" სამედიცინო ცენტრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

მუხიანში მდებარე "მედისონის" სამედიცინო ცენტრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. გარემონტებული ცენტრის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მედისონის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განუცხადა, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და კეთილმოეწყო კაბინეტები, განახლდა ავეჯი. კაბინეტები აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი არ არსებობდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოძველებული ტექნიკური ბაზის ეტაპობრივი განახლება. "მუხიანში ფაქტობრივად ახალი კლინიკა გაიხსნა. ეს იყო გასარემონტებელი შენობა, არც გათბობა იყო, არც შუქი, ჩვენ აღვადგინეთ ამ შენობის ფუნქცია და ეს იქნება სამედიცინო ცენტრი. განვაახლეთ ყველაფერი. დღეს გვაქვს გახსნა, და, ვფიქრობთ, რომ გარშემო მცხოვრები მოსახლეობა სარგებელს მიიღებს ამით. მათ მოვემსახურებით განახლებული ინფრასტრუქტურით", - აღნიშნა ურუშაძემ.

მუხიანში, გობრონიძის ქ.#27-ში ასევე კომპანია "მედისონის" და მისი პარტნიორი კომპანია "ჰიპის" მიერ საერთაშორისო დონის რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართულ-ჰოლანდიურმა პროექტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარდგენილ 250 პროექტში გაიმარჯვა. რეაბილიტაციის ცენტრისთვის განსაზღვრულია მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიცია. პროექტის ღირებულების ნახევარი ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით, გრანტის სახით გამოიყოფა. მეორე ნახევარი კი დაფინანსდება "მედისონისა" და "ჰიპის" მიერ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "მედისონი" 2014 წლისთვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, "მედისონმა" 2013 წელს მილიონამდე ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი განახორციელა და ინვესტირების პროექტს წელსაც განაგრძობს. პროექტი მოიცავს როგორც "მედისონის" სამივე სამედიცინო ცენტრის სარემონტო სამუშაოებს, ასევე, მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ბინაზე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების ამოქმედებას, ასევე საერთაშორისო დონის რეაბილიტაციის ცენტრისა და ლაბორატორიის გახსნას.

ინვესტირების პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველაზე მდებარე "მედისონში" რემონტი უკვე დაწყებულია. შენობის ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია, სადაც ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს. მიმდინარეობს მეორე ნაწილის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, სადაც "მედისონის" სამედიცინო ცენტრი იქნება განთავსებული.

"მედისონმა" ვაჟა-ფშაველაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში ექოსკოპიის კაბინეტი განაახლა და, ასევე, კვალიფიციური ექოსკოპისტები პაციენტებს უახლესი ტექნოლოგიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატით ემსახურებიან. შესაძლებელია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიის პორტატული ექოსკოპიის აპარატის საშუალებით ბინაზე გამოძახება და გამოკვლევების ჩატარება. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მიმდინარეობს "მედისონის" სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა.

2014 წელს კომპანია "მედისონმა" მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და წლის ბოლომდე სხვადასხვა პროექტში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება