გიორგი მელაშვილი - “რაც უშუალოდ ჩვენ შეგვეხება, არის “3+3” ფორმატის მოსალოდნელი ჩაფლავება”
ამერიკა ომში ჩაერთო - უახლოესი 48 საათი გადამწყვეტი იქნება
მირიან მირიანაშვილი - “თუ ირანი დაიშალა, 7 ან 9 ახალ სახელმწიფოს მივიღებთ...”
კორუფციასთან ბრძოლა, ბრძოლის იმიტაცია, თუ დარტყმა ღარიბაშვილის კაბინეტიდან დარჩენილ ერთადერთ მინისტრზე
დავით ზურაბიშვილი - “ასეთი რეპრესიული მიდგომით, როდესაც უკმაყოფილების დაგროვება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია“
* * *
გიორგი მელაშვილი - “რაც უშუალოდ ჩვენ შეგვეხება, არის “3+3” ფორმატის მოსალოდნელი ჩაფლავება”
“22 ივნისს აშშ-ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული დომინირება და მათი შეიარაღების ეფექტიანობა ისეთი რთული ობიექტების წინააღმდეგაც კი, როგორიც, მაგალითად, ფორდოს ბირთვული ობიექტია. ის განლაგებული იყო ძალიან ღრმად მიწის ქვეშ და მისი განადგურება ჩვეულებრივი იარაღით შეუძლებელი გახლდათ. საჭირო გახდა სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სპეციალურად შექმნილი ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბების გამოყენება. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ის მოკავშირეობა ბევრად სჯობს ნებისმიერ სხვა გზას - ფსევდოსუვერენიტეტს, რუსეთთან დაახლოებას და ა.შ. ხომ ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერანაირად ვერ დაუჭირა მხარი მის სტრატეგიულ მოკავშირე ირანს, მეტიც, ნათლად დავინახეთ, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის ავიაშეტევების დროს, როდესაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს მისი ბირთვული პროგრამის შეჩერება. ირანის ბირთვული პროგრამა დღეს სრულად განადგურებულია!”- აცხადებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ შეგვიწყვეტს, რადგან...”
“ცხადია, ისრაელი ამ ოპერაციას ამზადებდა წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ირანის ხელისუფლება და უსაფრთხოების სტრუქტურები უშვებდნენ, რომ ისრაელის შეღწევა ირანის ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო, თუმცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოქმედების მასშტაბებმა და როლმა ბოლო კვირის მოვლენებში ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დივერსიულ აქტებს დაემატა სამხედრო მოქმედებები - აქ უნდა გაიმიჯნოს დაზვერვის მოქმედება და სამხედროების ჩართულობა, ეს არის ორი განსხვავებული ასპექტი ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში. დივერსიული ოპერაციების ნაწილი აშკარად ჰგავს იმ ოპერაციას, რაც ჩატარდა ცოტა ხნის წინ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, სახელწოდებით “პაუტინა”, როდესაც უკრაინის დაზვერვამ რუსეთის ტერიტორიიდანვე მოახერხა ამ ქვეყნის სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურება. ზუსტად ასევე, ისრაელის ჯგუფებმა შეძლეს ირანის სამხედრო შესაძლებლობების მკვეთრი შემცირება ამ ქვეყნის ტერიტორიიდანვე, ამას მოჰყვა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და არმიის სარდლების ლიკვიდაცია, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სრული განადგურება. შემდგომ უკვე დაიწყო ისრაელის ავიაციის დარტყმები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც ისევ გრძელდება. ამასობაში პროცესში ჩაერთო აშშ-ის ავიაციაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“რაც შეეხება ისრაელის ოპერაციის მთავარ მიზანს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში მოხდა ის ცნობილი ტერაქტი, მაშინ ისრაელმა თავიდანვე განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ “ჰამასი”, არამედ ირანიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოპერაციის დაგეგმვა. პირველი ეტაპი იყო ირანის პროქსიდაჯგუფებების ლიკვიდაცია ისრაელის მახლობლად. გავიხსენოთ ომი “ჰამასთან”, დარტყმები “ჰეზბოლაზე”, ასევე ერაყსა და სირიაში არსებულ პროირანულ დაჯგუფებებზე და ა.შ. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი იყო “მოსადის” მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციები უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, მესამე ეტაპი კი არის პირდაპირი საავიაციო დარტყმები, რასაც ამ დროისთვისაც ვაკვირდებით... ჩემი აზრით, პროცესების განვითარების ორი შესაძლო სცენარია. ან მოხდება აიათოლების გარშემო ირანის მოსახლეობის მობილიზება და რეჟიმი შეეცდება ძალაუფლება შეინარჩუნოს. ან მეორე ვარიანტია, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტდება და აქედან გამომდინარე სხვა ძალები მოახერხებენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და აიათოლების რეჟიმის დასრულებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ირანში რუსეთისგან განსხვავებით მეტი ძალაუფლების ცენტრია, მათ შორის ეთნიკური, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია, რაც კი ირანში არსებობს, რეჟიმის გაგრძელებაა და აღიარებენ დიქტატორს. აიათოლების რეჟიმმა მოახერხა საკუთარი მმართველობის განმავლობაში, შეექმნა სისტემა რეალური ოპოზიციის გარეშე. ამის პარალელურად ირანის გარეთ არსებობს უზარმაზარი დიასპორა, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები თუ შაჰის შთამომავალი, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ეს მომენტი რეჟიმისთვის იქნება გარდამტეხი, მათი მრავალწლიანი ფსონი ბირთვული შეიარაღების შექმნაზე, ჩაფლავებულია! ირანის რეჟიმის პოზიციაც შეიძლება იყოს ორგვარი, ერთია კაპიტულაციის გამოცხადება, ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა და როგორმე ძალაუფლების შენარჩუნება. მეორე შემთხვევაში, შესაძლოა სცადონ მეტ ესკალაციაზე წასვლა, თუმცა გაუგებარია, რა სამხედრო რესურსი დარჩა ირანს წინააღმდეგობის გასაწევად”, - მიიჩნევს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი.
“მიმდინარე პროცესებს აუცილებლად ექნება გავლენა კავკასიაზე. უპირველესად ეს შეეხება სომხეთს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობდა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა დაებალანსებინა ირანის მეშვეობით. თუ ირანში ვითარება უფრო მეტად აირევა, სომხეთის ეს გათვლა აღარ გამოდგება. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩავიდა გასულ კვირას ფაშინიანი ანკარაში და შეხვდა ერდოღანს, ესეც იყო. მეორე, რაც უშუალოდ ჩვენ შეგვეხება, არის “3+3” ფორმატის მოსალოდნელი ჩაფლავება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა ირანი, თუ ის გამოეთიშება ამ ფორმატს, ფორმატი დაკარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას, ეს კი საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ფორმატის გამოგონების მიზანი თავიდანვე იყო კავკასიიდან დასავლეთის განდევნა. თუ ეს ფორმატი ჩამოიშლება, ეს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას მხოლოდ წაადგება. რაც შეეხება ენერგეტიკულ თუ სხვა მიმართულების გავლენებს, ირიბად ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ჯერ რაიმე მნიშვნელოვან რისკებზე ვერ ვილაპარაკებთ... დასკვნისთვის ვიტყვი, რომ საქართველო მადლობელი უნდა იყოს ისრაელის, რომლის მოქმედებების შედეგადაც “3+3” ფორმატმა ამ ეტაპზე სრულად დაკარგა აქტუალურობა. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს საფრთხე აქტუალური აღარ არის”, - დაასკვნის გიორგი მელაშვილი.
“ქართული ოცნების” პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში არის მუდმივი ცდები, რომ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესები დაუქვემდებარონ ვიწროპარტიულ ინტერესებსა და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, რაც მაინცდამაინც კარგად არ გამოსდით, რადგან ქვეყანაში წინააღმდეგობა რეპრესიების მიუხედავად, არ წყდება. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მიღებული კანონები, რეპრესიები, ევროკავშირთან კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მშვენივრად იციან, მიუხედავად მათი მასშტაბური ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც დასავლურ კურსს უჭერს მხარს. წულუკიანის კომისიაზე კი შემდეგს ვიტყვი - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს კომისია შეიქმნა არსებული კანონმდებლობის დარღვევით. საქმე ის არის, რომ კანონის თანახმად, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია. დღეს საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია, ხელოვნურად შექმნილი ვითომ ოპოზიციური ფრაქციები, რა თქმა უნდა, ფიქციაა და მათი განხილვა რეალურ ოპოზიციად სასაცილოა. შესაბამისად, ყოველი სასჯელი თუ ჯარიმა, რასაც ეს კომისია სასამართლოს მეშვეობით უსჯის სხვადასხვა პირს, არის არალეგიტიმური და არა კანონიერი...” - ამტკიცებს რესპონდენტი.
“იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, საპროტესტო მუხტი არ გამქრალა - ქართველი საზოგადოება არათუ არ შეეგუა ასეთი ტიპის მმართველობას, არამედ აქტიურ წინააღმდეგობასაც უწევს. სანამ მას შესწევს ძალა გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთ ავტორიტეტულ რეპრესიებს, მანამდე “ქართული ოცნება” მიზანს ვერ მიაღწევს, რაც არ უნდა გააძლიეროს რეპრესიები. ავტორიტარიზმთან ბრძოლა შედგება სამი საბაზისო კომპონენტისგან: პირველი არის ხალხი, მეორე - პოლიტიკური ბრძოლა, ხოლო მესამე - საგარეო წნეხი. დღევანდელ ვითარებაში არის ხალხის წინააღმდეგობა, ასევე საგარეო წნეხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა პოლიტიკურ პროცესში, რადგან პარტიები ვერ ახერხებენ სათანადო კონსოლიდაციას და საერთო სტრატეგიით “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებას. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ თურქეთთან, სადაც ოპოზიციას ასევე უჭირს საერთო სტრატეგიის დასახვა. საერთო სტრატეგიაში არ იგულისხმება ყველა პარტიის გაერთიანება და ერთიანი სიით წასვლა არჩევნებზე, ყველას შეუძლია თავის სეგმენტზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია ეს ხდებოდეს საერთო სტრატეგიის ფარგლებში. ნაკლებად მნიშვნელოვანია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთიანად და ეს უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ნაწილი. თუ არ არსებობს საერთო სტრატეგია, ავტორიტარიზმის დამარცხება ძალიან რთულია”, - განმარტავს ექსპერტი.
“ევროკავშირში საქართველოსთან კავშირში ინდივიდუალური სანქციების დაწესების თვალსაზრისით მთავარი პრობლემაა ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპული საბჭოს დონეზე, სადაც არიან ევროკავშირის სახელმწიფოების პირველი პირები, ბლოკავს ინდივიდუალური სანქციების პაკეტს. თუმცა ბოლო პერიოდში თვითონ ორბანის ელექტორალური მდგომარეობა ძალიან მოირყა. ამასთანავე, გერმანიის კანცლერ მერცის განცხადება, იმ შემთხვევაში, თუ ორბანი იქნება ერთადერთი პირი, რომელიც დაბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, განვიხილავთ მისთვის ვეტოს უფლების შეჩერებასო. აქედან გამომდინარე, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლებელია მიიღონ კიდეც ინდივიდუალური სანქციების პაკეტი. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ეს საკითხი უფრო მარტივად წყდება. ამას არ სჭირდება კონსენსუსი ქვეყნებს შორის, ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუმცა, ვფიქრობ, ევროკავშირი ჯერ ამაზე არ წავა, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, ამაზე პასუხისმგებელი სრულად იქნება “ქართული ოცნება”, რომელმაც ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯებით განაპირობა ამ საკითხის წამოჭრა ევროპულ დღის წესრიგში”, - დასძენს გიორგი მელაშვილი.
ამერიკა ომში ჩაერთო - უახლოესი 48 საათი გადამწყვეტი იქნება
“22 ივნისის ღამეს აშშ ღიად ჩაერთო ისრაელი-ირანის ომში. ამერიკულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ირანის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი. ირანის ხელისუფლება ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღიად აცხადებდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელებდა დარტყმებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, უახლოეს 48 საათში გამოჩნდება, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები - დაიწყება ვითარების დეესკალაცია თუ პირიქით, უკიდურესი გამწვავება და მესამე მსოფლიო ომიც კი. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსეთის ექს-პრეზიდენტის, უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევის გამოხმაურება აშშ-ის დარტყმებზე. მისი თქმით, “არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ”. კვირას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამერიკა ომში ჩაერთო - უახლოესი 48 საათი გადამწყვეტი იქნება.
“22 ივნისის ღამით შეტევა განხორციელდა ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ ცენტრებზე ფორდოში, ისპაჰანსა და ნათანზიში. თავდასხმებისთვის “ბი-2” ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს, რომელსაც აქვს 20 ტონა ტვირთამწეობა და მოქმედების შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით. აშშ-ში მხოლოდ 20 “ბი-2” ტიპის თვითმფრინავია, რომლებიც მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზაზეა განლაგებული. აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B გამოიყენა, რომელიც “ბუნკერის ამფეთქებლის” სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა, ის დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ არაბირთვულ ბომბად მიიჩნევა, 13.6 ტონას იწონის და 2.7 ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. “ბი-2” კი აშშ-ის შეიარაღებაში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც GBU-57A/B-ის გადატანა შეუძლია. დარტყმა ირანზე განახორციელეს “ბი-2” თვითმფრინავებმა, რომლებიც მისურის შტატში მდებარე ავიაბაზა უაითმენიდან აფრინდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოფიციალური ცნობით, წყნარი ოკეანის კუნძულ გუმზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა ანდერსონზე მიფრინავდნენ, თუმცა ეს ყალბი მანევრი აღმოჩნდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავებმა ჰაერში რამდენჯერმე შეივსეს საწვავი და 22 ივნისს დაახლოებით ღამის 3-ის ნახევრზე ჩამოაგდეს 6 ბომბი ფორდოს თავზე. რაც შეეხება ირანის დანარჩენ ორ ბირთვულ ობიექტს, რომელიც ისფაჰანსა და ნათანზში მდებარეობს, მათზე იერიში განხორციელდა 30 ცალი “ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებით, რომელიც ამერიკული წყალქვეშა ნავებიდან გაუშვეს. ღამის დარტყმის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა. გარდა ამისა, საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ და ირანელი ჯარისკაცები გაანადგურეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ღამის წერტილოვანი დარტყმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო მიმართვით გამოვიდა, რომლის დროსაც მის გვერდით იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი. ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს ღამით ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების მიზანი “ბირთვული საფრთხის” შეჩერება იყო. გარდა ამისა, ტრამპმა ირანი გააფრთხილა რომ თუ მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მისი თქმით, “ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ”. ტრამპმა ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა ამერიკელ სამხედროებს: “მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!” ამის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ “ამერიკამ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო”. ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ “სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას”. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს”, - დასძენს გამოცემა.
“ანალიტიკურ წრეებში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ანალიტიკოსთა ნაწილი სწორად მიიჩნევს ტრამპის გადაწყვეტილებას, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ირანს აიძულებს დათმობაზე წასვლას. სხვები კი ამას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და არ გამორიცხავენ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას. საბოლოო ჯამში კი ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარს განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. პირველი - ირანმა კონფლიქტის დასასრულებლად პირდაპირ და დაუყოვნებლივ მოლაპარაკება აწარმოოს აშშ-თან. ეს, სულ მცირე, მოითხოვს ირანის მხრიდან სამუდამოდ უარი თქმას ურანის ნებისმიერ შიდა გამდიდრებაზე, მით უმეტეს, ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე. თუმცა აშშ-ის დარტყმის შემდეგ ამას ნაკლებად ელიან. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ირანმა შეიძლება განახორციელოს სიმბოლური სარაკეტო დარტყმები და შემდეგ ეს კრიზისი სწრაფად დეესკალაცისკენ წავიდეს, ვინაიდან ირანის სამხედრო პოტენციალი ამერიკასთან შედარებით ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ირანს ამერიკასთან დაპირისპირება არ სურდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუმცა სხვები უფრო ფართო რეგიონული ომისა და მესამე მსოფლიო ომის გამო ღელავენ. ასევე არსებობს საშიშროება, რომ ირანმა ჩაკეტოს ორმუზის ყურე, საიდანაც ხდება არაბული ნავთობის ტრანსპორტირება და შესაბამისად, ნავთობის დიდი კრიზისი გამოიწვიოს მთელს მსოფლიოში, რასაც დიდი ომი მოყვება - დასავლეთი არ დაუშვებს ორმუზის პარალიზებას... გარდა ამისა, სატელიტურმა კომპანია “მაქსარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19-20 ივნისს ფორდოს ბირთვულ ობიექტთან სატვირთო ავტომანქანების უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა. მათი ცნობით, 19 ივნისს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს 16 სატვირთო ავტომობილი ფორდოს მახლობლად. 20 ივნისს კი მათი უმრავლესობა ადგილზე აღარ არის და ფორდოსთან მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი და ბულდოზერები ჩანს. კვირას კი ირანულმა მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფორდოდან გამდიდრებული ურანის ძირითადი ნაწილი სხვაგან გადაიტანეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
მირიან მირიანაშვილი - “თუ ირანი დაიშალა, 7 ან 9 ახალ სახელმწიფოს მივიღებთ...”
“ირანი უზარმაზარი ისტორიის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ვისაც მისი სამხედრო და პოლიტიკური ისტორია აქვს შესწავლილი, იცის, რომ სამჯერ მეტი ომი აქვს წაგებული, ვიდრე მოგებული. ბოლო 400 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ომი არ მოუგია. რამდენჯერმე მოხდა ირანის დეზინტეგრაციაც. მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, მისთვის უჩვეულო არ არის. საქმე ის არის, ისრაელს შეუძლია ირანის დასუსტება, მაგრამ მის სამხედრო-პოლიტიკურ ძლევამოსილებას წერტილს ვერ დაუსვამს. არც მას და არც სხვა რომელიმე ქვეყანას, აშშ-ის გარდა, ამის რესურსი არ გააჩნია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციასაც სჭირდება შიდაპოლიტიკური და ელექტორალური მხარდაჭერა. რაც შეეხება ტრამპს, ის პირველ რიგში რეიტინგზე ოპერირებს. მართალია, საკმაოდ ალარმისტული გეგმები ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. 37-38%-იანი რეიტინგით რთულია ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დაინახა, რომ სამხედრო-პოლიტიკური ინტერვენცია რეიტინგს აუწევს, შანსს ხელიდან არ გაუშვებს, მაგრამ თუ მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი რეიტინგულ დივიდენდებს არ მოუტანს, თავს შეიკავებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ირანი დაიშალა, 7 ან 9 ახალ სახელმწიფოს მივიღებთ...”
“ამ ორი კვირის განმავლობაში ტრამპი ყურადღებით დააკვირდება ირანის დაუძლურების ხარისხს და გადაწყვეტილების მიღებისას ამასაც გაითვალისწინებს. ელექტორალური მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთკვირიანი სპეცოპერაციაც კი საკმარისი იქნება ირანის დასამარცხებლად. შეიძლება ითქვას, ამერიკა ახლა ისრაელს შავ საქმეს აკეთებინებს, თვითონ კი გადამწყვეტი ეპიზოდისთვის ემზადება... დასავლეთში კარგად იციან, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ირანის დეზინტეგრაციამ. სიტუაციას განსაკუთრებულად ართულებს ამ ქვეყანაში მყოფი ანტაგონისტური ეთნიკური ჯგუფები. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ნაკლებად ესმის ირანის შიდაპოლიტიკური მექანიზმები. XVI საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც სუნიტური ირანი შიიტური სახელმწიფო გახდა, პატარა ინტერვალების გამოკლებით ამ ქვეყანას აზერბაიჯანელი სამხედრო-პოლიტიკური ელიტა მართავდა. სპარსელები მეორე პლანზე დარჩნენ - ძირითადად, პოლიტიკური ადმინისტრაციის, კულტურული სეგმენტისა და ვეზირების ნაწილს წარმოადგენენ, მაშინ როცა სამხედრო-პოლიტიკური დომინაცია აზერბაიჯანელებზე იყო გადანაწილებული. ეს კომბინაცია ბევრი დამორჩილებული ეთნიკური ჯგუფისთვის დღემდე მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“გილანელები, მაზანდარანელები, ლორები, ხორასნელები - ყველა მათგანი ორიათასწლიანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონეა და წარსულში დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაც არსებობდნენ. სწორედ ამიტომ ირანის დეზინტეგრაციის შემთხვევაში შესაძლებელია 7-დან 9-მდე ახალი სახელმწიფო გაჩნდეს. ჩრდილოეთ ირანში ცხოვრობს დაახლოებით 30 მილიონი აზერბაიჯანელი. თუ ირანი დეზინტეგრაციას დაექვემდებარა, მაშინ ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანის ერთ სახელმწიფოში გაერთიანება, პრაქტიკულად, გარდაუვალი გახდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორ თურქეთს შორის აღმოვჩნდებით _ დასავლეთით და აღმოსავლეთით. ეს იმგვარი პროცესია, რომელიც დიდ თურანიზმის იდეას ახალ სიცოცხლეს სძენს. ეს კი ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ირანში დიდხანს ვცხოვრობდი და ამ საზოგადოებას კარგად ვიცნობ. ის იმდენად ფრაგმენტირებულია ეთნიკური ნიშნით, რომ მათი კონსოლიდაცია უკიდურესად რთულია. მათ არა აქვთ იმის უნარი, ირანის სასულიერო ხელმძღვანელობას, თუნდაც ძალიან დასუსტებულს, საკუთარი ნება მოახვიონ თავს. ირანი რომ თურქეთივით ეთნიკურად ერთიანი სახელმწიფო იყოს, მაშინ ასეთი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნებოდა, მაგრამ მულტინაციონალისტურ სახელმწიფოში ეს თითქმის შეუძლებელია. სხვათა შორის, ამ ეთნიკურ მრავალფეროვნებას ირანის სასულიერო ისტებლიშმენტი ყოველთვის იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. რაც შეეხება რეზა ფეჰლევის, ის არ არის ლეგიტიმური შაჰების მემკვიდრე. XX საუკუნის დამდეგს ინგლისელებმა ერთი ჩვეულებრივი აზერბაიჯანელი, გვარად დადაში, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც ირანელ არისტოკრატიასა და მით უფრო, არც შაჰების ნამდვილ გენეალოგიურ ხაზთან, შაჰად გამოაცხადეს, მისცეს ირანული არისტოკრატიული გვარი - ფეჰლევი და შექმნეს ფსევდოდინასტია. ფეჰლევების დინასტია 1920-იანი წლებიდან იწყება”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“მოჰამედ რეზა ფეჰლევის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ თვითმარქვია შაჰების შთამომავალი იყო. საზოგადოებრივი მხარდაჭერის რესურსი მათ დღესაც ძალიან მცირე აქვთ. ევროპისა და ამერიკის პოლიტოლოგიურ წრეებში ტრიალებს ვერსია, რომ ირანი რესპუბლიკად უნდა გადაიქცეს. თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ამერიკის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, ამერიკა კი საკუთარ პოზიციას მხოლოდ მაშინ დააფიქსირებს, თუ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტში თავად ჩაერთვება. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ირანული სხვადასხვა ეთნიკური ელიტის ემიგრირებული წარმომადგენლები ვაშინგტონში სერიოზული კომუნიკაციის არხებით არიან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ელიტასთან. ისინი მაშინვე ამოქმედდებიან, როგორც კი აშშ ჩაერთვება კონფლიქტში. სხვა შემთხვევაში არც ერთი ეთნიკური ელიტა არ გარისკავს ღია კონფრონტაციას დღევანდელ რეჟიმთან. სხვათა შორის, არ გეგონოთ, ირანის სასულიერო ხელმძღვანელებს კომუნიკაცია არა აქვთ დასავლეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. უბრალოდ, ჩინეთისა და რუსეთისგან შეგულიანებულები ამბიციებს აჰყვნენ და შეცდომა დაუშვეს”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“ახლა ყველაფერი კარგად გააანალიზეს და როგორც მე ვიცი, კულუარულად ძალიან აქტიურობენ და მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ამერიკელების პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში. მზად არიან ჩაეხსნან ჩინეთსა და რუსეთს, პროქსი-ძალებზე თქვან უარი და ა.შ. ერთადერთი, რაზეც ჯერ კიდევ მოლაპარაკებაა, არის ამერიკელების მოთხოვნა, რომ ირანმა თავად გაანადგუროს ბალისტიკური პროექტის ფარგლებში არსებული სამრეწველო სიმძლავრეები... რუსეთმა უკვე ძალიან დიდი მარცხი განიცადა _ მოსკოვს დარჩა მთელი საბჭოთა კავშირის შეიარაღების 90%. ის წლების განმავლობაში ემზადებოდა უკრაინის დასაპყრობად, მისი სამხედრო ბიუჯეტი 65 მილიარდი დოლარი იყო, უკრაინის კი 2 მილიარდი, მაგრამ ომის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველაზე კომფორტულ პირობებშიც კი ვერ გატეხა უკრაინული არმიის წინააღმდეგობა. წარმოუდგენელია მიზანს მიაღწიოს, ახლა, როცა სამხედრო ბალანსი მკვეთრადაა შეცვლილი რუსეთის საზიანოდ. ახლა მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ისეთი ვითარებაა, წესით, ჩვენ ამერიკელების პოლიტიკური მოკავშირეები უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინცდამაინც ახლა გავემიჯნეთ გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკურ ცენტრებს”, - დასძენს მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “ობიექტურად რომ ვთქვათ, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს?” - პასუხობს:
“ამერიკელებს წინა აზიასა და კავკასიაში ისეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბება სურთ, რომელიც არ იქნება მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ცენტრების, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორი. ასევე არ აწყობთ თურქეთის დომინირება რეგიონში. შესაბამისად, ამერიკა დაიწყებს პატარა სახელმწიფოების მოძლიერებას, რათა ისინი ბარიერი იყოს რეგიონში დომინანტებისთვის. რეგიონში მხოლოდ ჩვენ და სომხები ვარღვევთ თურქული მასის ერთიანობასა და იდენტობას. დიდი თურანის იდეა ამერიკელებისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, ქართული ჯარი კი 500 წელი იბრძოდა ორი გეოპოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ, პირველი იყო სპარსელების სურვილი შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან ფანჯარა გაეჭრათ და მეორე იყო დიდი თურანის იდეა. ქართულმა ჯარმა ხუთსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად ჩაშალა ორივე პროექტი. დღეს, როდესაც ბონუსები უნდა მიგვეღო, სწორედ ახლა ამოვვარდით მსოფლიო პოლიტიკიდან. ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება დაგვმართოდა!”
კორუფციასთან ბრძოლა, ბრძოლის იმიტაცია, თუ დარტყმა ღარიბაშვილის კაბინეტიდან დარჩენილ ერთადერთ მინისტრზე
“სუს-მა 21 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს ამ დონის ჩინოვნიკის, თუნდაც უკვე გადამდგარის, დაკავების პირველი შემთხვევაა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება კორუფციასთან აქტიური მებრძოლის იმიჯის შექმნას ცდილობს. ნაწილის აზრით კი, ამას შეიძლება გაგრძელებაც მოყვეს და სხვა ჩინოვნიკების დაკავებაც ვიხილოთ. არ გამოირიცხება ის ვარიანტიც, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა ეკონომიკის ახლანდელ მინისტრ ლევან დავითაშვილზეც, რომელიც პრემიერის შეცვლის შემდეგ ფაქტიურად მთავრობის ერთადერთი წევრია, რომელმაც თანამდებობა შეინარჩუნა. მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორუფციასთან ბრძოლა, ბრძოლის იმიტაცია, თუ დარტყმა ღარიბაშვილის კაბინეტიდან დარჩენილ ერთადერთ მინისტრზე.
“მიქაუტაძე იყო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრი, ეკონომიკის სამინისტრო კი მაშინაც და ახლაც ლევან დავითაშვილს აბარია, ის ამავე დროს ვიცე-პრემიერობის პოსტსაც იკავებს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ყოფილი ჩინოვნიკის დაკავების რეალური მოტივი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ, “შიდა კლანური დაპირისპირებაა” ღარიბაშვილისა და კობახიძის ფრთებს შორის. მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის იყო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრი და მოქმედი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოადგილე. მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2024 წლის 11 თებერვალს დატოვა. მაშინ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს თავად მიქაუტაძის სურვილი და გადაწყვეტილება იყო და ის კერძო სექტორში ინაცვლებდა. ამავე დღეს დავითაშვილმა “იმედთან” სრული სიცრუე და სპეკულაციები უწოდა სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ გამოძიება მიდიოდა კორუფციის ფაქტებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დროდადრო გარკვეული მედიასაშუალებებით მიქაუტაძის უკანონო შემოსავლებზე სიუჟეტები კეთდებოდა, რომელმაც კამპანიური ხასიათიც კი მიიღო, რასაც 2023 წლის ნოემბერში თავად მიქაუტაძეც გამოეხმაურა და მას “დისკრედიტაციის უსახური მცდელობა და აბსურდული ბრალდებები” უწოდა პირადად მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ. მიქაუტაძე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მას და მის ოჯახს “წლების განმავლობაში” (2005-2017 წლებში) ჰქონდა მსხვილი ბიზნესი და მაღალი შემოსავალი, ხოლო “მოგვიანებით ეს ბიზნესი გაყიდეს, საიდანაც, მისი თქმით, მიიღეს 2 მლნ ლარის ფულადი ქონება”. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობდა, რომ მედიასაშუალებებმა წარმოაჩინეს ისე, “თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მიიღო დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რომეო მიქაუტაძე დააკავეს სუს-ისა და ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. “... გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები”, - ვკითხულობთ განცხადებაში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ სცენარებზე საუბრობს, რაც შეიძლება მოჰყვეს მიქაუტაძის დაპატიმრებას”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც წესი, მინისტრის მოადგილეეებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ეს მისი პრეროგატივაა. ლილუაშვილის დანიშვნა იმიტომ ვერ შედგა, რომ მინისტრის მოადგილეების ვინაობაზე ვერ შეთანხმდნენ. მინისტრის მოადგილე, თუნდაც რომეო მიქაუტაძე, ღარიბაშვილის მიერ იქნებოდა დანიშნული, მაშინ ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი და რამდენად იყო ამ ყველაფრის საქმის კურსში თავად ღარიბაშვილი, ან რამდენად იყო ამ საქმეში ჩართული მაშინდელი და ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად მასშტაბური ხასიათის აღმოჩნდა ეს დარღვევები, რომ უბრალოდ გაშვება არ შეიძლებოდა და ამაზე მოხდა რეაგირება - ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტით, შეიძლება ეს იყოს კორუფციასთან ბრძოლის რაღაც ახალი ეტაპი და ხელისუფლებამ არჩევნების წინ, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი აიმაღლოს და ნდობა მოიპოვოს, რომეო მიქაუტაძე არ აღმოჩნდეს პირველი და უკანასკნელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიდან, ვისთანაც მიმართაც შეიძლება დაიწყოს გამოძიება და მათაც მოეკითხოთ კანონის შესაბამისად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“უახლოეს პერიოდში დავინახავთ ესაა ერთჯერადი შემთხვევა, თუ ესაა ანტიკორუფციული ღონისძიებების სერიის დასაწყისი. რთულია პროგნოზი, რადგან ღარიბაშვილი მაინც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო, სხვათა შორის, “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე რთულ პერიოდშიც და საზოგადოებაში მას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, მაგრამ არანაკლები თუ მეტი არა, ჰყავს მომხრეები, შესაბამისად, თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც მე სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, ამან შეიძლება თავად “ქართულ ოცნებაში” რყევები გამოიწვიოს, საზოგადოებაში კითხვები გააჩინოს, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ადრე არა, როდესაც ადამიანს მთავრობის ხელმძღვანელობა ორჯერ ანდეს. ამის ძალიან მცირე ალბათობა კი არის, მაგრამ უფრო იქითკენ ვიხრები, რომ, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს ალბათ არ შეეხებიან”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.
“მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუ მიქაუტაძის საქმემ გაგრძელება ჰპოვა და გამოძიების ყურადღების არეალში სხვა მაღალი თანამდებობის პირები მოხვდნენ, რომლებიც იმ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყვნენ. მას ჩვენების მიცემა მოუწიოს. დაპატიმრებები შეიძლება არ გაგრძელდეს, მაგრამ შეიძლება ვიხილოთ რამდენიმე თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლება”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ეს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ ბრძოლის იმიტაციას ჰგავს. მისივე აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიქაუტაძის დაპატიმრებით ეკონომიკის მინისტრზე განახორციელეს დარტყმა, რადგან, სურვილის შემთხვევაში, დავითაშვილის გადაყენება არავითარი პრობლემა არ იყო”, - წერს სტატიის ავტორი.
“კორუფციას რომ არ ებრძვიან, ეს გასაგებია. თუ იმიტაციას ქმნიან, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან, ესეც შეიძლება, ასეთი რამ ხდება. თუ დავითაშვილი არ უნდოდათ, ისე ვერ მოხსნიდნენ? შს მინისტრი გაუშვა და დავითაშვილის გაშვება რა პრობლემა იყო?! შეიძლება იმიტაციას ქმნიან, რომ იწყება კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ ბევრი ლაპარაკია კორუფციაზე ოპოზიციაში, საზოგადოებაში და ა.შ. ასეთ დროს ხდება ხოლმე კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შერჩევითი ხასიათის ნაბიჯები, რაც გააკეთა სააკაშვილმა, შევარდნაძემაც თავის დროზე. ავტორიტარულ რეჟიმებში ეს ჩვეულებრივი რამაა, რადგან ასეთი გახმაურებული სიტუაციაა - ვიღაცეებს იჭერენ, რომ ვითომ აი, კორუფციას ებრძვიან, რათა ილუზია შექმნან, თორემ არც კორუფციას ებრძვიან და არც არაფერს, შეიძლება პიროვნული ინტერესებიცაა”, თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რამდენად მოსალოდნელია სხვა დაპატიმრებებიც ვიხილოთ” - პასუხობს:
„არ ვიცი. თუ ეს კამპანიაა დაწყებული, დაპატიმრებები იქნება, თუ ასეთი კამპანია არაა და ერთჯერადი აქტია, ამასაც ვნახავთ".
დავით ზურაბიშვილი - “ასეთი რეპრესიული მიდგომით, როდესაც უკმაყოფილების დაგროვება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია“
“ჩვენთან ნამდვილად მიდის საქმე დიქტატურისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ, უკვე ძალიან ღრმად შეტოპა ხელისუფლებამ, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება ჩვენთან სტაბილური დიქტატურა დამყარდეს. ეს წარმოუდგენელი მგონია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთია თვითონ საზოგადოება. არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიასა და ტოლერანტობაზეა გადამკვდარი, მაგრამ განსაკუთრებით ახალი თაობისა და პრინციპში, საშუალო თაობის დიდი ნაწილისთვისაც, იმასთან, რასაც ამკვიდრებს “ქართული ოცნება”, შეგუება შეუძლებელია. შეუძლებელია მოერგო ინტელექტისგან სრულიად დაცლილ შეთქმულების თეორიებს. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ რაღაც დიპ სტეიტი გვებრძვის და რომ არ მოგვერიოს, მაინცდამაინც “ქოცები” უნდა იყვნენ ხელისუფლებაში”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ვინმეზე იტყვი “მონას”, ან გაჯარიმებენ, ან გიჭერენ და მეტი დიქტატურა რაღა უნდა იყოს?.. ასეთი რეპრესიული მიდგომით, როდესაც უკმაყოფილების დაგროვება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია“.
“ოცნების” მხარდამჭერებშიც არიან ადამიანები, ვინც რაღაც კონფორმიზმზე მიდის, მაგრამ “ოცნება” უკვე ისეთ დონეზეა, ვერ მოერგება ეს ხალხი, აღარ იქნება მათთვის მისაღები. მეორე მხრივ, რაც ავტორიტარიზმისა და დიქტატურისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი კეთდება - აშთობენ არასამთავრობო სექტორს, დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლება ცდილობს ისინი განდევნოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, ქვეყანაში არ არსებობდეს არც ოპოზიცია, არც დამოუკიდებელი მედია, არც არასამთავრობო სექტორი. თუ ვინმეზე იტყვი “მონას”, ან გაჯარიმებენ, ან გიჭერენ - მეტი დიქტატურა რაღა უნდა იყოს?! ასე საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა. მაშინ გაცილებით სტაბილური სისტემა იყო, ფუნქციები დანაწილებული, იცოდი, რა შეიძლებოდა და რა არა. ეს მოქალაქეების დიდ ნაწილს გაცნობიერებული ჰქონდა იმ საყოველთაო სიყალბის და კორუფციის ფონზე. ასეთი სისტემა შეუძლებელია პატარა სახელმწიფოში ააშენო. რა შორსაც არ უნდა წავიდეს რუსული მიმართულებით ხელისუფლება, არა მგონია, რომ ჩვენ რუკაზე ფერი დავკარგოთ, გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც მაგალითად, დონბასი. კი, მარიონეტობა გვემუქრება, თუმცა ამის შემაკავებელი საერთაშორისო კონიუნქტურაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, ევროპისა და ამერიკისთვისაც, ოღონდ ახლა უფრო მეტად ირან-ისრაელის კონფლიქტის და არა იმდენად ევროპის კონტექსტში. ჩვენ ევროპად არ აღგვიქვამენ. ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად გვიყურებს როგორც ევროპას, უფრო ახლო აღმოსავლეთად განგვიხილავენ, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთი მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ რომ ყველაფერი რუსეთს აჩუქონ, გამორიცხულია, მაგრამ მაქვს არცთუ მთლად ოპტიმისტური განწყობა, რომ რაღაცები ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეჯახებით დამთავრდება. ეჭვი მაქვს, შეიძლება უფრო სასტიკი შეტაკებები მოხდეს, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ, რომ ხელისუფლების ქმედებები ნორმალურ ლოგიკაში არ ჯდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“კობახიძის პრემიერობამდე ხელისუფლება ორთქლის გამოშვებაზე მეტ-ნაკლებად არ ამბობდა უარს, რომ ხალხის აღშფოთებული ტალღა ჩაექრო. რაც კობახიძე გახდა პრემიერი, “ოცნება” აბსოლუტურად გადასულია “ნაცმოძრაობის” ტალღაზე, არაფერს თმობს და ყოველ წინააღმდეგობას მეტი რეპრესიული ზომით პასუხობს, იგონებს რაღაც კანონებს, მექანიზმებს, როგორმე გაგვაჩეროს, ჩაგვაგდებინოს ენა. მთლად არ გამოსდის, მაგრამ არ ჩერდება... ამას მოჰყვება ის, რაც მოჰყვა “ნაცების” დროს. “ნაცებს” ასეთი პოლიტიკა რომ არ ჰქონოდათ, არაფერში დათმობა და არც ერთი ნაბიჯი უკან და ყველაფერზე რეპრესიით პასუხი, 2007 წლის ნოემბრის აფეთქება არ მოხდებოდა. როცა ხედავ უკმაყოფილების ზრდას და გამოსავალს არ აძლევ, ის გროვდება და მერე ე.წ. მოთმინების ფიალის ეფექტი დგება - როცა აივსება მოთმინების ფიალა, მერე ფეთქდება. ამის საბაბი შეიძლება ისეთი რაღაც გახდეს, რაზეც ახლა არავინ ფიქრობს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ამის გამო შეიძლება ქუჩაში ორასი ათასი კაცი გამოვარდეს. დღეს რუსთაველი ყოველდღე რომ იკეტება, ამის წინააღმდეგ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. იქ ახლა იმდენი ხალხი იკრიბება, გზის გადაკეტვას რომ სჭირდება. ხელისუფლება ერიდება ფიზიკურად შეხებას იმიტომ, რომ ერთი-ორჯერ ასეთი რამ რომ მოხდა, უცბად მოაწყდა ათჯერ მეტი ხალხი - ანუ არ უნდათ დიდი აფეთქების გამოწვევა, მაგრამ, ამ სასამართლო პროცესებით, დაპატიმრებებით, დაჯარიმებებით აუცილებლად აავსებენ მოთმინების ფიალას. ადრეც ვამბობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის მნიშვნელოვანი ნიშნულია. იმედი აქვთ, რომ არჩევნების მერე აღდგება მათი იმიჯი და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის აღდგენა ისე ესმით, რომ მწვანე გზას მიიღებენ, რაც უნდათ, ის აკეთონ. ეს კი ვერ მოხდება, მაგრამ ის, რომ მათ არასოდეს არავინ დაელაპარაკება, ასეთი რამ არ იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნები როგორ ჩატარდება და რას იზამენ ოპოზიციური ძალები. თუმცა ხელისუფლება თუ ამ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, იმის მიუხედავად, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, სულ რომ დახოცოს ოპოზიციამ ერთმანეთი, ასეთი რეპრესიული მიდგომით, როდესაც უკმაყოფილება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“ხელისუფლებისთვის უკეთესია, თუ დომინაცია იქნება “ნაცური” ეგიდით, თუმცა “ნაცური” დომინაცია ამ შემთხვევაში კონკრეტულად “ნაცმოძრაობითაც” არ გამოიხატება, გამოიხატება ქმედებებით და იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც აქვთ. “ნაცური” პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც ბევრი უერთდება, და არა მხოლოდ “ნაცმოძრაობიდან” წამოსული პარტიები, ის არის, რომ ივანიშვილი 2012 წლიდან რუსული პროექტია და უნდა გავაგდოთ რევოლუციით. პრინციპში, “ლელოც” ამ ხაზზე იდგა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რომ გამოთქვა, ხელისუფლებას ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა. არც ის, რომ გახარია აპირებს მონაწილეობას. მათ არ უნდათ არჩევნებში ბრძოლა, მათ თვითმმართველობის არჩევნებში ტრიუმფი უნდათ. იციან, რომ თბილისში ცუდად აქვთ საქმე. ის ლეგენდა, რომ ხელისუფლება რასაც უნდა, იმას დაიწერს, რაც ბოიკოტის მომხრეების მთავარი არგუმენტია, ჩვენი საარჩევნო სისტემის უცოდინარობაა. თუ ქართულ საარჩევნო სისტემას იცნობ, შეუძლებელია ასეთი აზრი გაგიჩნდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ საარჩევნო სისტემაში ეს არ გამოჩნდეს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ჯერ უბნის ოქმი უნდა აიღო, რომლის ასლი ყველას მიაქვს, მერე საოლქოში შეჯამდება და მიდის ცესკოში, რომელიც საბოლოოდ აჯამებს, და შენ თუ ეს ოქმები გაქვს და მერე ხელისუფლებამ დაიწერა ის, რაც უნდა, მის გაყალბებას დოკუმენტურად დაასაბუთებ. თუ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმაცია, მაშინ ცხადია, გაყალბება არ აწყობს. თუ პირდაპირ დაიწერა, რა შედეგიც უნდა, ოპოზიცია იყვირებს და გაყალბებული არჩევნების გამო მას ლეგიტიმაცია არ მიეცემა. ამიტომ ეს არგუმენტი ძალიან არასერიოზულია. მეორე მხრივ, თუ მოწადინებული არიან, რომ თბილისში იყოს არაპარტიული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეიტინგები 66/25-ზეა. ასეთი დაბალი რეიტინგი ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, სააკაშვილის დროსაც კი. “ოცნება” კი მიმართავს მანიპულაციასაც და გაყალბებასაც, მაგრამ თუ ოპოზიციას ძლიერი კანდიდატი ეყოლება, არაპარტიული და საზოგადოებისთვის მისაღები, თუ ოპოზიციისა და ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩაერთვება, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან რთულად ექნებათ საქმე, და ამისთვის აშკარად მზად არ არის. ამიტომაც, ხაზარაძესა და გახარიაზე ზეწოლა ტყუილად არ გაძლიერებულა. ამას სწორედაც არჩევნებში მათ სავარაუდო მონაწილეობას ვუკავშირებ”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ბოიკოტის მომხრეები ძალიან აგრესიულად ლაპარაკობენ, თითქოს არჩევნებში მონაწილეობით რაღაც აპოკალიფსური ხდება. დავუშვათ, გავიმარჯვეთ და გვყავს ოპოზიციონერი მერი, ეს ნიშნავს, რომ ვეღარ გაიძახი, არიქა, ლაშქარი შევკრიბოთო. შენ უკვე გიწევს კონკრეტული მაგალითით დაარწმუნო თბილისის ამომრჩეველი და მერე ეს სხვებისთვისაც მაგალითი გახდება, რომ აჩვენო თბილისის უკეთესი მართვა. თბილისის უკეთეს მართვას თუ აჩვენებ, უფრო რეალური გახდება მთელი ქვეყნის საზოგადოებისგან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობისთვის ეს ხალხი მზად არ არის, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ დაუმტვრიონ თავ-ყბა ხელისუფლებას და დასხდნენ ისევ ხელისუფლებაში. მუშაობას ეს ხალხი მიჩვეული არ არის, წარმატება კი ნიშნავს იმას, რომ სამუშაო გექნება. ზოგჯერ შეიძლება თანამშრომლობამაც მოგიწიოს. აბა, სხვანაირად როგორ?” - თვლის დავით ზურაბიშვილი.
“ბიუჯეტია დასამტკიცებელი და ეს დაპირისპირებას არ გულისხმობს. ოპოზიციონერი მერი და საკრებულოში ოპოზიცია ნიშნავს, რომ მუშაობა შეუძლებელი იქნება, თუ რაღაცებზე შეთანხმება არ მოხდა. ამას გულისხმობს ოპოზიციის გამარჯვება და ამისთვის, მგონი არავინ არ არის მზად. ოპოზიციის გამარჯვება შეცვლიდა პოლიტიკურ კლიმატს. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ რაღაც ნაწილი იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ არ სურს რადიკალური დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლა. ფაქტია, ხელისუფლებას ვერ მოუგებ, თუ მოსახლეობის 80% არ იქნება შენს მხარეს და ხელისუფლება შიგნიდან არ დაინგრევა. ამ კონდიციამდე ეს ხალხი ჯერ არ არის მისული. თუ ხელისუფლებას რეპრესიებით უნდა პროტესტის ჩახშობა, ეს ყველა ვარიანტში რევოლუციას გამოიწვევს. შენ იმ რადიკალური დაპირისპირების რეჟიმს არ უნდა ებღაუჭებოდე, რომელიც დღეს არანაირ ხელშესახებ წარმატებას არ გაძლევს, და არათუ არ გაძლევს, პირიქით, ხელისუფლებას სიცოცხლეს უხანგრძლივებს...” - დასძენს ზურაბიშვილი.