ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026

“ევროპარლამენტთან სასაუბრო აღარ გვრჩება” - პაპუაშვილის აქცენტები

ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე

მოსკოვი ბერლინს მასთან სამხედრო დაპირისპირებისათვის მზადებაში ადანაშაულებს

* * *

“ევროპარლამენტთან სასაუბრო აღარ გვრჩება” - პაპუაშვილის აქცენტები

“ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა - “ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრით - ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, აბსოლუტურად ყველაფრით სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად, ჩვენ ვფიქრობთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ასე რომ, ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ის რაღაც ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს და ვერც გვექნება”, - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის აზრით, “ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიში სათაურით “ევროპარლამენტთან სასაუბრო აღარ გვრჩება” - პაპუაშვილის აქცენტები.

“საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, “ბრიუსელის ბიუროკრატიის მთელი პრობლემა” არის ის, რომ არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი არ მოქმედებენ. “ისინი არამხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ და ეკონომიკური ნგრევისკენ გვიბიძგებდნენ, ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, მოწყვეტდნენ საკუთარ წვდომას ეკონომიკურ, ენერგეტიკულ რესურსებსა და ტრანსპორტირების გზებზე. ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, საკუთარი ცხვირის იქეთ არ იყურებიან...”, - მიიჩნევს პაპუაშვილი და დაასკვნის, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ ბრიუსელის მოწოდებებს არ ავყევით, არამედ ევროკავშირიც გადავარჩინეთ, რომელსაც უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდა თუ რეგიონი აირეოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უძილაურის დაკავებაზე. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თვალსაჩინოა თუ როგორ მუშაობენ ადამიანები ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებისთვის. “თავისთავად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტული, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული”, - თქვა მან. პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი უძილაურს ბრალდება დღეს წარუდგინა”, - დასძენს გამოცემა.

ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე

“საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 1 ბარელი “ბრენტი” 100 დოლარი ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული ნავთობი - 90 დოლარამდე გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ვარდნა საერთაშორისო გამოცემა “აქსიოსის” ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ. მართალია, აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით, დამაიმედებელია, მაგრამ ქართველი ანალიტიკოსების აზრი მაინც ორად გაიყო: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ომის დაწყებიდან დღემდე ბევრი გვინახავს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ირანის კონფლიქტი უკვე ფინალურ ფაზას მიუახლოვდა. “აქსიოსი” წერს, რომ თეთრი სახლი, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს კონფლიქტის დასრულებასა და ბირთვულ მოლაპარაკებებზე ფართო ჩარჩოს შექმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე / ხვალ-ზეგ შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს, მაგრამ გზის დასაწყისი უკვე ნაპოვნია.

“შეთანხმების მიხედვით, თეირანი ბირთვული გამდიდრების პროცესის შეჩერების ვალდებულებას აიღებს. სანაცვლოდ, აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და გაყინულ მილიარდობით დოლარს გაათავისუფლებს. ამასთან, მხარეები ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე დაწესებულ შეზღუდვებსაც შეამსუბუქებენ. მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის აღდგენის მიზნით დაწყებული ოპერაცია შეაჩერა. მისი განცხადებით, ინიციატივა - “პროექტი თავისუფლება” - მანამ შეჩერდება, ვიდრე შეთანხმების საბოლოო ვერსია არ მომზადდება. მიუხედავად ამისა, სრუტის ბლოკადა კვლავ ძალაში რჩება, არადა ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძია. მსოფლიო ბაზრისთვის საჭირო ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ამ გზით ტრანსპორტირდება. პარალელურად, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თავდასხმითი ოპერაცია შეწყდა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონი ახლა თავდაცვით პოზიციაზე გადადის. მსგავსი განცხადება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმაც გაავრცელა და თქვა, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამჟამად, შტატების ახალი თავდაცვითი სტრატეგია სავაჭრო გემების მოძრაობის აღდგენას ისახავს მიზნად. მარკო რუბიომ წარადგინა ინიციატივა, რომელიც საზღვაო მიმოსვლის დაცვას გულისხმობს. სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა ჰორმუზის სრუტეს რეალურად გაათავისუფლებს ირანული საფრთხისაგან. ის ფაქტი, რომ “ბრენტის” მარკის ნავთობი - 11%-ით, ხოლო ამერიკული ნავთობი - 12%-ით გაიაფდა, ნამდვილად უკავშირდება ტრამპის, რუბიოს, ჰეგსეტის დამაიმედებელ განცხადებებს და ამაში უჩვეულო არაფერია. თუმცა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ხაზი გაუსვა, რომ ხვალ ან ზეგ ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებას არ ელის. ომის დაწყებიდან დღემდე ამ ტიპის არაერთი დამაიმედებელი განცხადება მოვისმინეთ. სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე ფინალურ ფაზაშია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს კონფლიქტი რომ მილევად რეჟიმშია და ძალიან მალე დაარეგულირებენ, ამ ტიპის არაერთი განცხადება მოვისმინეთ ორივე მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ იგი გაიწელა და ჯერჯერობით, ბოლო არ უჩანს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ბოლო განცხადებებით კონფლიქტი დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში არ ველოდები, რომ ასე მალე დასრულდება. რაც შეეხება ნავთობის ბირჟებს და ზოგადად, ნავთობის ფასს, ასეთ სენსიტიურ პერიოდში, ბირჟები ძალიან მგრძნობიარეები არიან ხოლმე. ნავთობის ფასის ამჟამინდელი ვარდნა ნამდვილად უკავშირდება ამ განცხადებებს და ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“ზოგადად რომ შევხედოთ ყველა კონფლიქტს, ვგულისხმობ ბოლო წლების კონფლიქტებს, ყველას თავისი პიკები ჰქონდა. არ არსებობს კონფლიქტი სულ აღმავალი ან სულ დაღმავალი. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორიც დასაწყისში იყო. აშკარად ჩანს, რომ ერთიანი ინტენსივობით წარმოუდგენელია, საომარი კონფლიქტები გაგრძელდეს. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ლოგისტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, იარაღის მიწოდებაზე, ცოცხალ ძალაზე. თავის მხრივ, რაც უფრო იწელება კონფლიქტი, იფიტება ორივე მხარე, რომელიც ჩართულია კონფლიქტში. ირანის შემთხვევაშიც ასევეა - ინტენსივობის ფაზა უკვე გავლილია, საკმაოდ მაღალი იყო დასაწყისში, ანუ თებერვალსა და მარტში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.

“გავიხსენოთ, როგორი იყო ნავთობის ფასი მაშინ - 1 ბარელის ფასი 120 აშშ დოლარს ასცდა და ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი იყო. ეს ნიშნავს, რომ სანავთობო ბაზრისა და ბირჟების რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინია. თუ არის დიდი გაურკვევლობა, რომ შეიძლება, კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდეს, ეს წარმოქმნის კიდევ უფრო მეტ შიშსა და დეფიციტს. ნავთობის ფასი, როგორც ასეთი, დამოკიდებულია განწყობაზე, ანუ მოლოდინზე. რატომ გახდა 120 დოლარი თავიდან? იმიტომ, რომ შესაძლოა, დღიური წარმოება კიდევ უფრო დაცემულიყო, რადგან ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა. გარდა ამისა, ირანმა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელი ძალიან ბევრი ტერმინალი დაბომბა სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა კი მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება, მოლაპარაკება შედგეს, დიდია. ტრამპის განცხადებაც ამას მოწმობს. აქედან გამომდინარე, ეს მოლოდინი აისახა ბაზარზე, სადაც უკვე ელოდებიან, რომ კონფლიქტი ჩაწყნარდება. დარეგულირება ნიშნავს, რომ მიწოდება გაიზრდება და შესაბამისად, ფასიც დაეცემა. აი, ამას უკავშირდება ნავთობის ამჟამინდელი გაიაფება, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩემი შეფასებით, ეს კონფლიქტი უკვე მისულია ფინალურ ფაზამდე”, - დასძენს გიორგი ცუცქირიძე.

მოსკოვი ბერლინს მასთან სამხედრო დაპირისპირებისათვის მზადებაში ადანაშაულებს

“გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა. “ნიშანდობლივია, რომ უარყოფს რა, რომ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ქვეყნად იქცა, გერმანია, ყველა მინიშნებით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომზადების კურსს მისდევს, რაც ქვეყნის დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ბუნდესვერის გაფართოებას და სამხედრო სექტორის საბიუჯეტო და ნასესხები სახსრებით გაჯერებას ითვალისწინებს”, - აღნიშნა ელჩმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მოსკოვი ბერლინს მასთან სამხედრო დაპირისპირებისათვის მზადებაში ადანაშაულებს - “ეს ქვეყნის დაჩქარებულ მილიტარიზაციას ითვალისწინებს”

“მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს . მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თავის არმიას 460 000 ჯარისკაცამდე გაზრდის. ამასთან, ნეჩაევმა განაცხადა, რომ მოსკოვი აქტიურად აცნობებს გერმანიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებას შეიარაღების გაზრდის საფრთხეების შესახებ. სავარაუდო სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობს კვიპროსელი ჟურნალისტი, ალექსანდრე ქრისტოფორუ. მისივე თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისთვის ემზადება. გარდა ამისა, რუსულ მედიაში წერენ, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამებს აუმჯობესებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი კიევისთვის მასშტაბური, შორი მოქმედების დრონებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ასევე, გერმანიამ დაამტკიცა სამხედრო სტრატეგიის ახალი ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს 2039 წლისთვის ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას. დოკუმენტში რუსეთი “მთავარ საფრთხედ” არის მოხსენიებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ გერმანიამ, თავის მილიტარისტულ სიგიჟეში, დაივიწყა ტრაგედია, რომელიც მის წინა მცდელობებს მოჰყვა, გამხდარიყო “ევროპის მთავარი სამხედრო ძალა”, - დასძენს გამოცემა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი