"მარნეული აგროსა" და "მარნეულის სასურსათო ქარხანაში" საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მარნეული აგროდან" აცნობეს , პირველ ეტაპზე კომპანიას კიტრისა და პომიდვრის ჩითილები გამოჰყავს. ამისათვის შერჩეულია სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი ჯიშები.
"ჩითილების გამოყვანა სპეციალურ იტალიურ დანადგარში ხდება, სადაც კიტრისა და პომიდვრის თესლს თავდაპირველად კასეტებში რგავენ. კასეტები სამი დღის განმავლობაში გასაღვივებელ ოთახში, ე.წ. "germination room"-ში თავსდება. გასაღვივებელ ოთახში მუდმივად კონტროლდება ტენიანობა და ტემპერატურა, გაღვივებული კასეტები გადადის სათბურებში, სადაც შესაბამისი მოვლის შემდეგ მიიღება ჩითილები. გამოყვანილი ჩითილები კი საბოლოოდ ღია გრუნტზე გადაირგვება, სადაც სამუშაო პროცესს გერმანელი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ", - განმარტავს "მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.
"მარნეულის სასურსათო ქარხანა" წარმოების მოცულობების გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, გაიზარდა დამუშავებული ფართობის რაოდენობაც. მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ დამატებითი ტრაქტორები და კიტრის საკრეფები შეისყიდა. ახალი ინვესტიცია ნედლეულის მიწოდების პროცესს მინდვრიდან ქარხნამდე გაამარტივებს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს. კიტრის პირველ მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანა მაისის შუა რიცხვებიდან ელოდება. ქართველ მომხმარებელს კი საშუალება ექნება, კიტრი 200 მლ - 18კგ. შეფუთვებში შეიძინოს.
რაც შეეხება პომიდვრის მიღებას, პომიდვრის გადამუშავება ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ქარხანას ნედლეულით საკუთარი მეურნეობა "მარნეული აგრო" და ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ. პროდუქციის მიღების შემდეგ, პომიდვრის გადამუშავება Fenco-ს იტალიური დანადგარით ხდება, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 500 ტონას აღწევს. ავტომატიზირებული საწარმოო პროცესი პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულად უზრუნველყოფს.
"მარნეულის სასურსათო ქარხანა" "მარგებელი ჰოლდინგის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია "მარნეული აგრო" და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.