დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გარშემო წარმოქმნილ სამართლებრივ კოლიზიაზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს , რომელიც პარლამენტს საკუთარ რეკომენდაციებს შესთავაზებს.
როგორც ჩაფიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. "გვეყოლება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ორი ბორდი: - ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული და მეორე – დამტკიცებული პარლამენტის მიერ. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერც გავასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით, ვამბობთ, რომ პატივს ვცემთ მას. მნიშვნელოვანია ის კონტაქტები, რომელიც არსებობდა ბატონ სააკაშვილს, პაპუაშვილსა და ვარძელაშვილს შორის, ასევე მოსარჩელე მხარესა და იმ მოსამართლეს შორის, რომელმაც სარჩელი განიხილა, თუმცა ამაზეც რომ არ ვიდაოთ, პარლამენტის ფუნქცია არის კანონშემოქმედება და ჩვენ საკანონმდებლო კუთხით გამოვასწორებთ ამ სამართლებრივ კოლიზიას", – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტმა ბორდის ის წევრები დაამტკიცოს, რომელიც მას საკონკურსო კომისიამ წარუდგინა.
საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.
ამასთან, პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტს არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი, ხოლო ხუთ ვაკანტურ ადგილზე წევრების შესარჩევად, კანონმდებლებს საკონკურსო კომისიამ 18 კანდიდატი წარუდგინა.