ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025

ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025

სანდრო თვალჭრელიძე - “რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სენატორი სტივ დეინსი?!”

“ფარა” მოქმედებაში - კანონის ძალაში შესვლის შედეგები და სავარაუდო სცენარები

მირიან მირიანაშვილი - “ტრამპი საქართველოს გულისთვის რუბიოსა და გრემის ჯგუფს არ დაუპირისპირდება”

“დარჩი სახლში” - ენმ-მ ახალი კამპანია დაიწყო და სურს, რომ არჩევნებზე მილიონზე ნაკლები ადამიანი მივიდეს

როგორ აღმოჩნდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი ძებნილი ბაჩიაშვილი ისევ საქართველოს საზღვართან?!

* * *

“ჩემი აზრით, მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, რა ითქვა საჯაროდ, არამედ იმას, რაც კონფიდენციალურად ილაპარაკეს და რა გზავნილებიც გადასცა ამერიკელმა სენატორმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ აპირებს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად, საქართველოში. ჩემი პროგნოზით, სწორედ გაზაფხულზე მოიცლიდა ტრამპი ჩვენთვის, მაგრამ პროცესები უფრო ნელა მიდის, ვიდრე ველოდი. ვფიქრობ, ტრამპმა ჯერ კარგად ვერ მოიცალა საქართველოსთვის, ის გაჭედილია უკრაინაში და ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ პუტინთან თანამშრომლობა შეუძლებელია და მასთან რაიმე შეთანხმებით მშვიდობას ვერ დაამყარებს, მანამდე ჩვენთვის საფუძვლიანად, ალბათ, ვერც მოიცლის. აი, როცა მოიცლის, ვფიქრობ, მაშინ გადადგამს ძალიან ხისტ ნაბიჯებს, თუ მანამდე არ შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა. საქმე ისაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში უფრო გაზრდილია”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სენატორი სტივ დეინსი?!”

“შესაბამისად, ვფიქრობ, იქნება უხისტესი ზეწოლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე, რომ შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტოც. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეალურ პოლიტიკურ სიტუაციაზე. ახლანდელი პროცესები მხოლოდ დასაწყისია. ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო იყო საქართველოს დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ურთიერთობა და დაიწყეს კონტაქტების აღდგენა. გზავნილი, რომელიც გადასცეს მთავრობას სენატორის პირით, ვფიქრობ, საკმაოდ კატეგორიული იქნებოდა. აშშ-ს ექნებოდა სერიოზული პრეტენზიები საქართველოს მთავრობასთან. წესით, სადღაც ერთ თვეში ვნახავთ, ვინ როგორ იმოქმედებს, ვგულისხმობ ტრამპის ადმინისტრაციასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას... მოდი, ვაღიაროთ, მარკო რუბიოს მილოცვაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას. არც ერთი სიტყვა ამ მილოცვაში არ არის საქართველოს მთავრობისთვის ნათქვამი. რაც შეეხება ტრამპის მოლოცვას, ჩემი აზრით, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, მასაც ჰქონდა როგორც საჯარო, ისე კონფიდენციალური ნაწილი. მოკლედ, ისიც არ ვიცით ზუსტად, რა წერია ოფიციალურ წერილში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტექსტის ნაწილის თარგმანი, ამიტომ ამაზე ბევრი ლაპარაკი არ გვინდა. ეს მილოცვები მიუთითებს იმაზეც, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გარკვეული ფორმით ჰქონდეს ურთიერთობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ნახევრად სასაცილო განცხადებები ამ მილოცვების შესახებ - თურმე რუბიო დიპ სტეიტის წარმომადგენელი ყოფილა, რომელიც ტრამპს ებრძვის. გონიერმა ადამიანმა ეს როგორ უნდა დაიჯერო, თუმცა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში უგონო ხალხიც ბლომად არის, მაგრამ არიან მოაზროვნენიც და, ალბათ, სიმწრით ეცინებათ ამ ყველაფერზე, მაგრამ მერკანტილური მიზნებით ისევ ამ პარტიის მხარდამჭერებად რჩებიან. ვიხვეწები რამდენი ხანია, ამიხსნას ვინმემ, რა არის ეს დიპ სტეიტი. ამათ რომ უსმინო, მარკო რუბიო, ფაქტობრივად, ტრამპის მარჯვენა ხელი და მისი პოლიტიკის გამტარებელი, ყოფილა დიპ სტეიტი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

ბიძინა ივანიშვილს რომ არ ამოძრავებდეს თავისი ფულის დაბრუნების სურვილი, მისი პოლიტიკა არ გახდებოდა აშკარად ანტიამერიკული და ანტიევროპული. მისი ლოგიკა ძალიან მარტივია, ის საკუთარ დავას კერძო სტრუქტურასთან წარმოაჩენს როგორც მთელი დასავლეთის მასთან ბრძოლას და ამის მერე ვინმე დაიჯერებს, რომ მისთვის ფული არაფერს ნიშნავს? მე თუ მკითხავთ, თავისი განცხადებით მან ოპოზიციას მისცა საკმაოდ დიდი საფუძველი იმისთვის, რომ ამტკიცოს, ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესია ფული და არა ქვეყანაო. ვიმეორებ, ვინმე ივანიშვილს დავა აქვს კერძო ბანკთან, არა რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო რეზერვთან, ხაზინასთან, ადმინისტრაციასთან და ა.შ. რეალურად ასეთ ბანკებზე გავლენა დასავლურ მთავრობებს ოფიციალურად არა აქვთ. არადა, ამ დავის გამო ივანიშვილის უკმაყოფილება მისივე დიდი ზეგავლენით “ქართულმა ოცნებამ” სამთავრობო პოლიტიკად აქცია და ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეშინია, რომ პირადი და სახელმწიფო ინტერესები არ აურიოს ერთმანეთში”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, ისეთი არაფერი ხდება, რაც ივანიშვილს აქამდეც არ გაუკეთებია. მის ტექნოლოგიად შეიძლება შევაფასოთ საკადრო პოლიტიკაში მუდმივი ცვლილებები და გადაადგილებები. მართალია, აქამდე გომელაური შეუცვლელად მიიჩნეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც დაუგროვდა ჩონჩხები კარადაში და ივანიშვილმა მისი გამოცვლა გადაწყვიტა. რა, დანარჩენი პრემიერ-მინისტრებიც არ იყვნენ ივანიშვილის გუნდიდან მოსული? მოკლედ, “ქართულ ოცნებაშიც” დუღილია, იქაც არის უკმაყოფილო ხალხი. “ქართული ოცნება” არ არის მონოლითი, ის ქართველებისგან შედგება” - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო პოლიტიკოსების დაკავება გრძელდება...” პასუხობს:

“ხელისუფლება თავისივე მიღებული კანონის ხაფანგში გაება. კომისიაზე მიუსვლელობისთვის სასჯელები ხომ ახლახან მოიგონეს, ჰოდა, ამას ოპოზიცია მშვენივრად იყენებს. არ იხდიან გირაოს, ხელისუფლება კი იძულებულია ისინი დააკავოს, ამას კი მოჰყვება დიდი გამოხმაურება ქვეყნის გარედან, ამასთანავე, ქვეყანაში მინელებული საპროტესტო მუხტიც გაიზარდა. ვნახეთ, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენი ადამიანი გავიდა ისევ ქუჩაში. არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება. ერთი მიზანი შესაძლოა იყოს საზოგადოების დაშინება, მაგრამ არ შინდება ეს საზოგადოება, გარდა ამისა, ამ პოლიტიკოსების რეიტინგიც იზრდება ამ პატიმრობის გამო. ამაზე დიდი სისულელე ძნელად წარმოსადგენია, რასაც “ქართული ოცნება” ამ დაკავებებით აკეთებს”...

“თუმცა მე პოლიტიკური პატიმრები უფრო ის გოგონები მგონია, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის “მონის” დაძახების გამო რომ დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. გამკვირვებია ჩვენი იურისტების, მოსამართლეებისაც და ადვოკატებისაც. რა არის გინება? _ ეს არის ადამიანის მორალური თვისებების დაკნინება, რაც შეურაცხყოფაა. სიტყვა “მონა” არ არის მორალური თვისებების დაკნინება, ეს არის სოციალური სტატუსი. როცა “მონას” გიწოდებ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე შენ გაფასებ რამენაირად. ეს იგივეა ყოფილ პოლიციელს უთხრა, ყოფილი საჯარო მოხელე ხარო... სიტყვა “მონა” აღწერს სოციალურ სტატუსს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს სიტყვის თავისუფლება და შემიძლია მივუთითო ადამიანს, რომელ სოციალურ სტატუსს ეკუთვნის. სასაცილოა, იმის მტკიცება, რომ თურმე სიტყვა “მონა” სალანძღავი სიტყვა ყოფილა”, - დაასკვნის თვალჭრელიძე.

“ამერიკული “ფარას” ქართული ანალოგი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, 31 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა. კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ეხება, ხოლო მისი დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების 5 წლით აღკვეთით. ანალიტიკოსები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არაა, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ასევე, ახალი “ენჯეოები” შეიქმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ფარა” მოქმედებაში - კანონის ძალაში შესვლის შედეგები და სავარაუდო სცენარები.

“რა თქმა უნდა, ეს საქართველოში დემოკრატიაზე დიდი დარტყმა იქნება, რადგან, ფაქტობრივად, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობას შეწყვეტს. ვიღაცამ შეიძლება თავისი რეგისტრაცია გააუქმოს. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად და დიდია ალბათობა გაუქმდეს”, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. “ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ჩანან, სავარაუდოდ, არ დარეგისტრირდებიან. თან რამდენიმე “ენჯეომ” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და ითხოვს, სანამ ეს დავა არ გადაწყდება, კანონის მოქმედება შეჩერდეს. რამდენად გაითვალისწინებს სასამართლო, არ ვიცი” - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე. კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს, “ოცნების” შეფასებით, ამერიკული “ფარას” ქართული ანალოგია. კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მოჰყვა: “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “ფარა” ზუსტად მათ საქმიანობას უპირისპირდება, რაც დააზარალებს მოსახლეობას - “დაუცველად დატოვებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და ქალებს, შეუწყდებათ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს”. მათი თქმით, “ფარა” ე.წ. რუსული კანონის “გადაფუთული ვერსიაა”. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ “ფარას" კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე და პირიქით, “ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში”. ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები შეიქმნას”, - განაგრძობს გამოცემა.

“შესაძლოა ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი “ოცნებას” გაურიგდეს და დარეგისტრირდეს, რათა შემდეგ გრანტი მიიღოს. თუმცაღა გრანტის მიღებასაც წინაღობა ექნება, რადგან ამისთვის მთავრობის ნებაა საჭირო. შესაძლოა კონკრეტული ორგანიზაცია რეესტრში არ გატარდეს და საქმიანობა გააგრძელოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დონორი ორგანიზაცია ალბათ თავს შეიკავებს, რომ გრანტი გასცეს და მეორე მხრივ, ამ ორგანიზაციას შეიძლება საფრთხე შეექმნას, მათ წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ამასთან, ამის პარალელურად შესაძლოა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები გაჩნდეს, რადგან, მე ასე მგონია, ხელისუფლება აპირებს არასამთავრობო სექტორის კონტროლს. თან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდნენ და ამიტომ გამორიცხული არაა თავიანთ მომხრეებს შეაქმნევინონ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათზე გასცენ გრანტები. ოღონდ მათი საქმიანობა უნდა იყოს დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობის აგიტაცია-პროპაგანდა. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ხანდახან სახელმწიფო უწყებები არასამთავრობოებზე გრანტებს გასცემენ, ოღონდ იმისათვის, რომ მათ მონიტორინგი გაუწიონ... სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საზოგადოების დიდი ნაწილის ბრალია და მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი მართავს, თუ შეიძლება ამას მართვა ვუწოდოთ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“სენატორი დეინსი ამიერკავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი მისიით იყო ჩამოსული - სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების საკითხზე იყო ორიენტირებული და ალიევსა და ფაშინიანთან ვიზიტებისას მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ახლდა. მან ტრამპის გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ მზად არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ხელის მოწერის პროცესს პირადად დაესწროს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამიერკავკასია აღარ მოიაზრება პოსტსაბჭოთა სივრცის ნარჩენად და რეგიონს ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება, რაც ახალ რეალობას ქმნის ყველასთვის, უპირველესად კი საქართველოსთვის. ამ დროს კი რა ხდება საქართველოში?” - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპი საქართველოს გულისთვის რუბიოსა და გრემის ჯგუფს არ დაუპირისპირდება”.

“ბოლო პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო განვითარებაზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის სამი სხვადასხვა გზავნილი: მარკო რუბიოს ნეგატიური წერილი - დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ქართველი ხალხისთვის, რომელშიც ხელისუფლება ნახსენები არც იყო; დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე; აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე... სამივე გზავნილი ერთი და იმავე ეპიცენტრიდანაა და ის მარკო რუბიოს "საუფლო ტერიტორიაა". ტრამპის წერილი კონტექსტურად გაცდენილია ზოგად მოცემულობას და წარმოადგენს სიგნალს გარემომცველი სივრცისთვის, რომ საქართველო კვლავაც ამერიკელების ინტერესის საგანია. მეორე მხრივ, ამერიკელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ერთგვაროვანი არ არის, მათ შორის არც ამერიკულ ელიტაში. მაგალითად, ტრამპის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ნეგატიურად არ უყურებს. მეტიც, ივანიშვილს ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის გარემოცვაში ჰყავს ლობისტები. სავარაუდოდ, მისალოცი წერილიც კუშნერების მუშაობის შედეგია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“პოლიტიკურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებები დიდი ხნის წინ არის მიღებული. ჯერ კიდევ ნოემბრის მიწურულს, სანამ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საბოლოოდ დაკომპლექტდებოდა, ტრამპმა რესპუბლიკელებთან შეთანხმებას მიაღწია რუბიოს თანამდებობის საკითხზე. ამ გარიგების ჩაშლა გამორიცხულია, რადგან ტრამპს რესპუბლიკური პარტიის გადაკიდება არ აწყობს. მასკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც ამის დასტურია. სხვათა შორის, რუბიოსა და მასკის დაპირისპირების ინიციატორი თავად ტრამპი იყო - მას მარკ რუბიო და ლინდსი გრემი ილონ მასკის საპირწონედ ჰყავდა ხელისუფლებაში. ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა და მისი რეიტინგი კამალა ჰარისის რეიტინგს ჩამორჩებოდა, რესპუბლიკურ პარტიასთან ჩვენთვის ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდა - ეს იყო ამიერკავკასია. ამ შეთანხმებით გადაწყდა, რომ ეს რეგიონი რუბიოსა და გრემის გავლენაში მოექცეოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შეიძლება ითქვას, ტრამპმა დიდი დათმობების შედეგად მოიპოვა რესპუბლიკელების მხარდაჭერა. თებერვლის მიწურულიდან რუბიოს გარემოცვა, ლინდსი გრემი და სხვა სენატორები, საქართველოს საკითხში აქტიურ პოლიტიკაზე გადავიდნენ. იმ პერიოდს ვგულისხმობ, როცა გრემის ოფისში “მეგობარი აქტის” რეზოლუციის საფუძველზე კანონპროექტი მომზადდა. შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციაში ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ პოლიტიკის კონტურები ერთგვაროვანია. “ქართულ ოცნებაში” უნდა ესმოდეთ, რომ ტრამპი საქართველოს გულისთვის რუბიოსა და გრემის ჯგუფს არ დაუპირისპირდება... ჩემი აზრით, გზავნილი, რომელიც ივანიშვილს უნდა მიეღო, მარკო რუბიოს პოზიციას ასახავდა. მოგვწონს თუ არა, რუბიო დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია და მისი უგულებელყოფა არაპრაგმატული ნაბიჯია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ივანიშვილს, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია გზავნილის შინაარსის შესახებ. შესაბამისად, ის არჩევანის წინაშე დადგა - შეხვედროდა ელჩს და პირადად მიეღო გზავნილი, რაც რუბიოს მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას დაადასტურებდა, ან უარი ეთქვა შეხვედრაზე და ამ გზით თავიდან აერიდებინა მისთვის არასასურველი პოლიტიკური ვალდებულება. შეხვედრაზე უარის თქმით, მან, ერთი მხრივ, დრო მოიგო და გზავნილის მიღება ფორმალურად აირიდა. მეორე მხრივ, პროცესები ისე წარმართა, რომ პოლიტიკურ ველზე კობახიძის გაძლიერება დააჩქარა. ამით მან ამერიკულ მხარეს შეტყობინება გაუგზავნა, რომ თითქოს თავად ჩამოშორდა ხელისუფლებას და მასზე აღარაფერია დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ დეკორაციას ამერიკელები სერიოზულად არ მიიღებენ. ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ ივანიშვილი კვლავ ხელისუფლების ცენტრია, რაც ნიშნავს, რომ მასზე ზეწოლა გაგრძელდება”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - ”კობახიძის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება ივანიშვილს გარკვეული საფრთხის წინაშე ხომ არ აყენებს?” - პასუხობს:

“რისკი ნამდვილად არსებობს. ქართული პოლიტიკური სისტემა სამ ძირითად ბერკეტზეა დაფუძნებული: შსს-ზე, სუს-სა და პარტაქტივზე. ბიძინა ივანიშვილმა სუს-ისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მმართველობა უკვე გადააბარა კობახიძეს, თუმცა პარლამენტში ძალთა განლაგება უცვლელია. გასაგებია, რომ მხოლოდ სუს-სა და შსს-ში ძალთა ბალანსის გადანაწილება რეალურ გადაბარებად ვერ აღიქმება და ეს დიდწილად პოლიტიკური დეკორაციაა, თუმცა ამ დეკორაციასაც ახლავს რისკები. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ უახლოეს მომავალში ამერიკული მხარე მისგან კონკრეტულ ანტირუსულ ნაბიჯებს მოითხოვს. სწორედ ამას მიიჩნევს ის თავისთვის ყველაზე სარისკო სცენარად და ამიტომაც მიმართავს მსგავს პოლიტიკურ სპექტაკლს - თითქოს ძალაუფლება გადააბარა. ამ ამბავში მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ ამერიკელები ივანიშვილს არ შეეშვებიან, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ პროცესები ესკალაციის გზით წავა. პრობლემა იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ რეალობაშია, რომელიც საქართველოს გარშემო ყალიბდება”.

“რუსეთს სურს საქართველოს საკითხი ამერიკასთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვიტოს, რადგან პუტინი ჩვენს ქვეყანას საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს. ამერიკა, თავის მხრივ, არც წარსულში აღიარებდა და არც დღეს აღიარებს ამ ზონალურ დაყოფას. ვაშინგტონის მიზანი არ შეცვლილა: მათ სურთ რუსეთის გავლენა საქართველოში ქართველების ხელით დაირღვეს, ივანიშვილს კი არ სურს ამ კონფლიქტის ეპიცენტრში ყოფნა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორმე აირიდოს ეს როლი, მაგრამ ამერიკული მხარე ამის საშუალებას არ აძლევს. ხოლო რა სახის შეიძლება იყოს ამერიკული ზეწოლა, ამაზე პასუხი ძალიან აინტერესებს განსაკუთრებით თავად ბიძინა ივანიშვილს. ის ცდილობს გამოიცნოს, რა სისწრაფით და რა ფორმით დაიწყება ზეწოლა: როგორი ტრანსფორმაცია მოუწევს მისთვის ნაცნობ პრორუსულ პოლიტიკურ კურსს ისე, რომ ამერიკელების თვალში მისაღები გახდეს”, - თვლის რესპონდენტი.

“ამ გზის გამოთვლა რთული არ იყო - ჯერ კიდევ თებერვალში ლინდსი გრემის ოფისში დაიძრა პროცესი, რომელიც საქართველოს საკითხზე პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებას შეეხებოდა. ეს ის პერიოდია, როცა ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციისგან პოზიტიურ სიგნალებს ელოდა და ამ მოლოდინში ხელიდან გაუშვა პროცესში ჩართვის შანსი. მან ვერ შეძლო თავი დაემკვიდრებინა გრემისა და რუბიოს ჯგუფთან პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთ ფიგურად. შედეგად, ვერ მოახდინა იმ შესაძლო სიმწვავის განეიტრალება, რაც ამ სტრატეგიას შეიძლება ახლდეს. “ოცნება” მიამიტურად ფიქრობდა, რომ ტრამპის გამარჯვება ავტომატურად ახალ, მათთვის სასურველ პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა. დღეს ამ მიამიტობის შედეგებს იმკის როგორც ივანიშვილი, ისე ქართველი ხალხი. “ოცნებაზე” ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტად ქართული ოპოზიციის გამოყენება ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეული სცენარია. უკრაინელი ტრამპისტებისგან ვიცი, რომ გრემი-რუბიოს ჯგუფს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ეს ოპცია აქვს, თუმცა ჯერ არ იყენებენ. შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაიმართოს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და მას ხელახალი პოლიტიკური ფუნქცია მიენიჭოს...” - დასძენს მირიანაშვილი.

“ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მოსახლეობასთან კამპანიას ატარებს - “დარჩი სახლში”. ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტი მნიშვნელოვანია და მათი ამოცანაა, რომ არჩევნები არ შედგეს და მასზე მილიონზე მეტი ადამიანი არ მივიდეს. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, არევნებზე “ორი კაციც რომ მივიდეს”, არჩევნები ჩატარებულად ითვლება. ეს კამპანია კი, დიდი ალბათობით, თავად ოპოზიციას დააზარალებს, რადგან “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერების მობილიზაციას შეძლებს და ყველა საკრებულოს მოიგებს. ოპოზიციის სრული მობილიზაციის შემთხვევაში კი, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, დიდ ქალაქებში “ოცნებას” გამარჯვება გაუჭირდება, რაც მას სერიოზულად დააზარალებს. ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ღიად ამბობს, რომ ისინი “ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში” მიიღებენ მონაწილეობას. კოალიცია “ძლიერ საქართველოსაც” მიაჩნია, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ბოიკოტის მომხრეა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დარჩი სახლში” - ენმ-მ ახალი კამპანია დაიწყო და სურს, რომ არჩევნებზე მილიონზე ნაკლები ადამიანი მივიდეს.

“ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - ეს ბიძინა ივანიშვილის მხარეს გადასვლაა. “ე.წ. ტაბლო რომ ბიძინას უჭირავს და რა ანგარიშიც უნდა, იმას დააფიქსირებს, მის არჩევნებში მონაწილეობა არის სპექტაკლში მონაწილეობა... გახარიასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს... ჩემი აზრით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ გახარია, სავარაუდოდ, გარიგდა სარგებლის გამო. მინდა “ლელოს” მივმართო, რომ დააფიქსირონ პოზიცია. მათი კოლეგები და 60 პოლიტპატიმარი ციხეში არიან და ამ დროს შენ რომ არჩევნებში მონაწილეობ, ცოტა არასერიოზულია. ჯერ კიდევ ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში კონკრეტულ პასუხს იტყვიან. არჩევნებში შესვლა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილეობას და დღეს, აი ამ კამპანიის ფარგლებში ვხვდებით მოსახლეობას. ეს არჩევნები არ უნდა შედგეს. ჩვენი კამპანია უნდა იყოს - “დარჩი სახლში”, დაახლოებით ასეთი და “საქართველო ივანიშვილის გარეშე”. გამოსავალია - არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ “დარჩი სახლში” კამპანია წარუმატებელი იქნება ოპოზიციისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

ლევან ხაბეიშვილი რომ წარუმატებელი პოლიტიკოსია, ეს თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” მშვენივრად იციან და მას როგორი პროექტებიც ჰქონდა, ეს ანეკდოტურ თემებად იქცა. ვფიქრობ, ეს კამპანია ძალიან წარუმატებელი იქნება, რითაც საკუთარ რეპუტაციას მიაყენებენ შეურაცხყოფას... ატარონ ეს კამპანიები, გადაიღონ მათმა მარიონეტმა ტელევიზიებმა, გააშუქონ და მათთვის შედეგი კვლავ ნულოვანი იქნება. არჩევნების ბოიკოტს წარმატება არანაირად არ უწერია, მათ სლოგანიც კი მოიპარეს კოვიდ-პანდემიის დროიდან - “დარჩი სახლში”. ესენი პოლიტიკაში სიახლის შემომტანები არ არიან და ვერც ვერასოდეს ვერ იქნებიან. შეეშვან ამ სისულელეებს და ჩაატარონ ნორმალური საარჩევნო კამპანია, მაგრამ იციან - წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა რომც ჩაატარონ, მაინც იმაზე ნაკლებ ხმებს აიღებენ, ვიდრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ორი კაციც რომ მივიდეს, ჩატარებულად ჩაითვლება. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ყველა საკრებულო “ოცნების” ხელში აღმოჩნდება და ასეთ დროს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. “თუ ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ნაწილმა არა, მაშინ, ჩემი აზრით, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია. თუ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, სავარაუდოდ, აქტივობა მაღალი იქნება და ოპოზიციას ძალიან დიდი შანსი ექნება, რომ მთელ რიგ საკრებულოებში გაიმარჯვოს, პირველ რიგში კი დიდ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ. თუ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდებიან ზოგი ფსევდოოპოზიციური და ზოგი ისეთი პარტია, რომელთა სახელებს ახლა ვერავინ გაიხსენებს და ვიღაცეები მიიღებენ მონაწილეობას”, - ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით “ყველა საკრებულო “ქართული ოცნების” ხელში აღმოჩნდება”, - დასძენს გამოცემა.

“მხედველობაში მყავს ის ოპოზიცია, რომელსაც მეტ-ნაკლებად სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ჩემი აზრით, ეს ნაწილი შეთანხმებულად უნდა მოიქცეს. ან ყველამ მიიღოს მონაწილეობა - ასეთ შემთხვევაში მთელ რიგ საკრებულოებში გამარჯვების შანსი ექნებათ, რაც “ოცნებისთვის” სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან, წარმოიდგინეთ, თუ ქალაქებში ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ეს “ქართულ ოცნებას” ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც უკვე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის; ან არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში “ქართული ოცნება” ყველა საკრებულოს მოიგებს, გაყალბებაც არ დასჭირდება ისე და შემდგომ მოვლენები როგორ განვითარდება, ეს უკვე დამოკიდებულებილი იქნება ოპოზიციის აქტიურობის ხარისხზე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებზე ფაქტობრივი ხელისუფლების დათანხმება თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია”, - მიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

"გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. უწყება ირწმუნებოდა, რომ 2025 წლის 26 მაისს ის ანონიმური შეტყობინებით წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს. სუს-ის ინფორმაცია თავდაყირა დააყენა თავად გიორგი ბაჩიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა სკანდალური განცხადება გააკეთა: “დღეს კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს, მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე”... მისივე თქმით, შემდეგ “ჩატენეს “აირზენას” თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, ჩამოიყვანეს საქართველოში”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით როგორ აღმოჩნდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი ძებნილი ბაჩიაშვილი ისევ საქართველოს საზღვართან?!

“წარმოდგენა არა მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ... საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც,­ რომელშიც მე ვიმყოფებოდი”, - განაცხადა ბაჩიაშვილმა. მისი ადვოკატის, დავით ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილი კონკრეტულ სახელსა და გვარს ასახელებს იმ პირებიდან, რომლებიც იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს. თუმცა ადვოკატი არ პასუხობს, არის თუ არა რომელიმე პოლიციის ან რომელიმე უწყების მაღალჩინოსანი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა ერთი კონკრეტული პირი, საუბარია ადამიანთა ჯგუფზე... თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები”, - აცხადებს ჯანდიერი. როგორც ცნობილია, “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენდირექტორი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდადებული და მას დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს “მტკვარი ჰესის” საქმეზეც, სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ბიტკოინების, ისე “მტკვარი ჰესის” საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2,5 მლნ ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო “მტკვარი ჰესის” საქმეზე - 50.000 ლარი. ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სს საქმე აღიძრა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ეს ბრალდება 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიოჩანაწერებით... “მტკვარი ჰესის” საქმეში კი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა... მართალია, ბაჩიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში დააკავეს, თუმცა ბაჩიაშვილის მეგობრებმა პირველივე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის აბუ-დაბიში აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად და ამ დროს ვესტიბიულში დააკავეს. გარიგება შედგა სახელმწიფოებს შორის ბაჩიაშვილის გადმოცემის სანაცვლოდ. ჩვენ ამ საქმის შესაფასებლად ექსპერტ ანდრო გოცირიძეს დავუკავშირდით”, - დასძენს გამოცემა.

“ნაკლებად სავარაუდოა, ეს ღონისძიება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულ სპეცსამსახურს ჩაეტარებინა. ალბათ, ადგილობრივი ქვეყნის სამართალდამცავებმა დააკავეს. არაბული ქვეყნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით არ გამოირჩევიან და მნიშვნელოვანია, რის საფასურად შედგა თანამშრომლობა ქართულ და არაბულ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. ეს ექსტრადიცია არ ყოფილა... ფაქტია, ბაჩიაშვილი იმ ქვეყნიდან, თვითმფრინავის გარდა, სხვა ტრანსპორტით ვერ ჩამოვიდოდა. რა იურიდიული საფუძვლით მოხდა ეს, ჯერ გაურკვეველია. არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, მათ შორის ტვირთი, გაფორმებული უნდა იყოს, სანამ ის თვითმფრინავის ბორტზე მოხვდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრი გოცირიძე.

“გიორგი ბაჩიაშვილი რუსული პასპორტით გავიდა საქართველოდან და ევროპასა და ამერიკაში შესაძლოა მას პრობლემა ჰქონოდა ამ პასპორტით გადაადგილებისას, ამიტომ აირჩია, ალბათ, არაბული ქვეყანა. იქ ბიუროკრატია ნაკლებად მუშაობს, დიდი ახსნა-განმარტება არ დასჭირდებოდა, მეტიც, ადვილად შეიძლებოდა მოეხერხებინა გარიგების საფუძველზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მარტო ის არ ფიქრობს ასე. სახელმწიფოები ერთმანეთის თხოვნით მოქმედებენ ხოლმე და ყველგან არ მუშაობს ევროპული ბიუროკრატია კარგი გაგებით, სადაც ყველაფერი რეგლამენტირებული უნდა იყოს. ეს ვერ გათვალა ბაჩიაშვილმა. სახელმწიფოს მეტი ბერკეტი აღმოაჩნდა და აჯობა, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მას და მომჩივანს შორის გარიგებაც იყოს. როცა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გავიდა, მაშინაც გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, მას მისცეს ქვეყნიდან გასვლის საშუალება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბაჩიაშვილი გამოცდილი ბიზნესმენია, კარგად იცის ტაქტიკაც და თავის დაცვის სხვადასხვა მეთოდიც. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, სახელმწიფომ რის საფუძველზე გააკეთა ეს, ხომ არ დათმეს ბაჩიაშვილის სანაცვლოდ სახელმწიფო ინტერესები. შესაძლოა განცხადებები და სტატიები ივანიშვილისთვის მესიჯის ან სხვისთვის ინფორმაციის გადაცემას ემსახურებოდეს... რაც შეეხება მისი პოლოლიკაშვილის თანამდებობაში გაცვლის საკითხს აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს ეჭვი, იმიტომ, რომ დროშიც დაემთხვა ერთმანეთს და ეს თითქოსდა წინასწარმეტყველებაც ახდა, მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას პოლოლიკაშვილთანაც ჰქონია პრეტენზია მისი ლოიალურობის გამო... თუმცა ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ეს ყველაფერი გააკეთა სამართლის აღსრულების გამო, რაშიც ხელისუფლების დაძრახვა რთულია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამ ყველაფერს კონტექსტი აქვს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ პირი, რომელმაც ცინიკურად დატოვა საქართველოს საზღვრები, ჩამოიყვანეს და წარადგინეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ ბექგრაუნდი სულ სხვაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს კერძო დავაა და ასეცაა - კერძო პირის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის თანხების მითვისების საკითხზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მთავარია, ამ კერძო დავის გადაწყვეტაში რამდენად ერევიან სახელმწიფო სტრუქტურები. რეალურად ძებნილი პირი დააბრუნეს ქვეყანაში. რაში გაიცვალა, თუ გაიცვალა, უკვე სხვა საქმეა” - დასძენს ანდრო გოცირიძე და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, ემუქრება ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე?” - პასუხობს:

“არა მგონია, ვინმეს მისი ლიკვიდაცია სურდეს. ვინმეში ვგულისხმობ მომჩივან მხარესა და სახელმწიფო სტრუქტურებს. ამის მოტივი არ არსებობს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ვიღაცამ ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინოს...”

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება