დავით ზალკალიანი ვიქტორია ნულანდის განცხადებას ეხმაურება

რადგან აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ-ერთ პირი, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) აგენტია, ბუნებრივია, მას ამის შესაბამისი მტკიცებულებაც აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია მან ნახა, თუმცა, ამის შესახებ ფაქტობრივი, დასაბუთებული ინფორმაცია არ გააჩნია.

"მხოლოდ მოვისმინე ის, რაც განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. აქედან გამომდინარე, მე არ შემიძლია ვთქვა, რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია. თუმცა, რადგან ამას აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, ბუნებრივია, მას ამის შესაბამისი მტკიცებულებაც აქვს. ჩემი ინფორმაციით, მან წარმოადგინა კიდევაც ფაქტობრივი ფოტომასალა, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა", - განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პირი, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) აგენტია. ამის შესახებ CNN იუწყება.

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ დესტაბილიზაციაში რუსეთის ხელი ურევია. ამის შესახებ პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმაც განაცხადეს. თქვენ მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზეც ჩანს წვერიანი მამაკაცი, რომელიც აშკარად ГРУ -ს აგენტია და საქართველოშიც მოქმედებდა და აღმოსავლეთ უკრაინაშიც არის", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

ამასთან, CNN-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, უკრაინის ხელისუფლების თქმით, იგივე შეიარაღებული პირები არიან გამოსახული, რომლებიც ჯერ ყირიმში მოქმედებდნენ, ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია