დარიალის ხეობაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანა იპოვეს

დარიალის ხეობაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანა იპოვეს. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ , ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, მოხერხდა რამდენიმე მძღოლის გადარჩენა. მისივე თქმით, ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებას კაბინა მოწვეტილი აქვს.
"იქით მხარეს დარჩენილი იყო სამი მანქანა, რომლებიც ნახევრად მოყოლილები არიან მიწაში. იმის გამოყვანა ხდება ახლა. თავად მანქანებში მიცვალებულები არ არიან. რამდენიმე მძღოლია გადარჩენილი. ერთი მანქანის მძღოლს ვერ ვპულობთ. როგორც სხვა მძღოლები აცხადებენ, გადმოვიდა მანქანიდან და დაიკარგა. ის სავარაუდოდ უნდა იყოს მიწის მასაში მოყოლილი", - აღნიშნა გომელაურმა. მისივე თქმით, გრძელდება მაშველების მუშაობა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით კი, იწყება იმ გაზსადენების რეაბილიტაცია, რომლებიც 17 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა. "გაზსადენამდე მისასვლელი გზა გაკეთებულია. ბრიგადები უკვე ადგილზე არიან. მიმდინარეობს 1200მმ-იანი სარკოფაგის გახსნა. გვინდა ვნახოთ კონკრეტულად რა დაზიანებაა. ხვალ საღამოს უკვე შეგვეძლება იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება ამ გაზსადენის შეკეთებას", - აღნიშნა ელოშვილმა.
სტიქიის ზონაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვითი საჭიროებები არ ჩანს.
"ჩამოვედი იმისთვის, რომ ადგილზე გავეცნო რეალურ საჭიროებებს. ჯანდაცვის საჭიროებები ამ ეტაპზე არ ჩანს. ეს საჭიროებები იყო პირველ საათებში, როდესაც ხდებოდა სამედიცინო ევაკუაცია, გადაყვანა პაციენტების. ახლა ჩემი ამოცანა არის ვნახო რამდენად აქვს ამას შეხება სოციალურ სფეროსთან და რით შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

























