სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში" იმართება.
ფესტივალის 260 მონაწილის მიერ წარმოდგენილია 300-მდე ჯიშის მცენარე და მათი კიდევ უფრო მეტი სახეობა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი მცენარე ადგილზე შეიძინონ.
ფესტივალის ორგანიზატორის, ტატუკა ჯაფარიძის ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი სამდღიანია. "ფესტივალი არის სამდღიანი და ეძღვნება დამოუკიდებლობის დღეს. თავდაპირველად ფესტივალი დავიწყეთ 10 წლის წინ, სწორედ 26 მაისს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ფესტივალი წელს 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალში მონაწილეობენ გამწვანების კომპანიები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები.
26 მაისს ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში", საიუბილეო ექსპოზიციით, პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, 12:00-20:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი.
ტრადიციულად "ვარდობისთვე თბილისში" თბილისის მერიის დაფინანსებით იმართება.