ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელს, ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა.

- ბატონო ვახუშტი, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა. რადგან ეს თემა აქტიურად განხილვადი თემაა, საუბარი ამით უნდა დავიწყოთ.

მითუმეტეს, რომ ქართველიშვილისვე თქმით, მოძრაობა დაფუძნდა იმისთვის, რომ ქართული ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები დაიცვას.

მისივე განმარტებითვე, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

ისინი აცხადებენ - „იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია“ საფრთხეშიაო“. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოძრაობის შექმნას და მართლა საფრთხეშია თუ არა ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ ამ მოძრაობის დაფუძნება არ არის საზოგადოებრივი ინიციატა და დაკვეთა, ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწეული თემა, დაგეგმილი კამპანია და მის მიერვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება. თუ ჩვენ ტრადიციების დაცვის საჭიროებაზე, ეს მოძრაობა რომ ამის გამკეთებელი არა, ცხადადაც კი ჩანს.

მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნება არ არის საზოგადოებრივი ინიციატა და დაკვეთა, ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწეული თემა, დაგეგმილი კამპანია და მის მიერვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება

თუ ჩვენ მართლა გვინდა ვისაუბროთ ტრადიცების დაცვასა და იდენტობის შენარჩუნებაზე, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა დღეშია მატერიალური კულტურა, რა მდგომარეობაშია გელათი, რა დამართეს ოქროს გამო აფეთქებულ უძველეს არქეოლოგიურ ძეგლს. რა მდგომარეობაშია დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელსაც წყალი შეუდგა და ასე შემდეგ. რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ბუნებას, ბუნების ძეგლებს, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ეს ყველაფერი ხან გაუგებარი ატრაქციონის გამო ნადგურდება და ხანაც ჰესების გამო.

მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ,“ რა მიზნებიც დაისახა მიზნად და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს.

ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი ზონდერ დაჯგუფება, რომლის ამოცანაც არის იმ ადამიანების დაშინება, ვინც ხელისუფლებას არ ემორჩილება და თვალში არ მოსდის

- ამ თემაზე უამრავი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ, მაინც უნდა გკითხოთ - ზოგი ამბობს, „ხელისუფლებამ შექმნა სადამსჯელო დაჯგუფებაო,“ ზოგი ამბობს რომ ეს „საშიში ძალადობრივი მოძრაობების წახალისებააო“.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ მოძრაობის დაფუძნება ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს. ახლა ბევრი იხსენებს „მხედრიონის“ შექმნის ისტორიასაც, თუმცა, მაშინ „მხედრიონის“ შექმნას სხვა კონტექსტი ჰქონდა.

რამდენად ადეკვატურია ამგვარი პარალელების მოხმობა და რისკებზე საუბარი?

- რაც ვიხილეთ, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი ზონდერ დაჯგუფება, რომლის ამოცანაც არის იმ ადამიანების დაშინება, ვინც ხელისუფლებას არ ემორჩილება და თვალში არ მოსდის.

საუბარია იმ კატეგორიაზე, ვის მიმართაც ხელისუფლება კანონის გამოყენებას საჭიროდ არ თვლის და ვის მიმართაც აპირებენ პრობლემების შექმნას.

ჩვენ კანონები გვაქვს არა იმისთვის რომ ხელისუფლება შეიზღუდოს, არამედ იმისთვის რომ რეჟიმმა თავისი მმართველობა გაიადვილოს

- ახლა ბევრი იხსენებს სისხლის სამართლის კოდექსის 252 მუხლს, რომლის თანახმადაც - 1. ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გაერთიანებაში მონაწილეობა,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მმართველი გუნდის ლიდერშიფი ისეთი აღტკინებით მიესალმა ქართველისშვილის მოძრაობას, ძნელი დასაჯერებელია მათ არ ესმოდეთ რომ ამგვარი მოძრაობის შექნას საკმაოდ დიდი რისკების გაჩენა შეუძლია.

ის მიზნები რაზეც ამ მოძრაობის დამფუძნებლებმა ისაუბრეს სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ასრულებდნენ. რა გამოდის, ხელისუფლების ინსტიტუტები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, ეს მმართველმა ძალამ იცის და ასეთ მოძრაობებს ახმარს თუ რა ხდება? ხელისუფლება თავად ამბობს კონსტიტუციიდან ვარ გასულიო?

- ხელისუფლება რომ კონსტიტუციიდანაა გასული ეს კარგა ხნის ფაქტია. თუ ჩვენ გამოვიყენებთ კანონის უზენაესობის ლოგიკას, ამას არანაირი აზრი არ აქვს. სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორი საზომებითაც მისი საქმიანობა, ასევე რა შეზღუდვებითაც ის არის შეზღუდული, ამაზე საუბას ახლა აზრი არ აქვს.

საქმე ისაა, რომ ჩვენ კანონები გვაქვს არა იმისთვის რომ ხელისუფლება შეიზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ რეჟიმმა თავისი მმართველობა გაიადვილოს.

სახელისუფლებო პროპაგანდას სურს შეამციროს საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და შემდეგ, საბოლოო ჯამში უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

- პოლიტიკოსმა სევდია უგრეხელიძე ამ თემაზე განაცხადა - მივმართავ პატრიარქ შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია?

ქალბატონმა სევდიამ ქართველიშვილის მოძრაობის შექმნაზე ასეთი აზრი გამოთქვა - „საქართველოში გუშაგთა კორპუსის შექმნა უნდათ“... როგორც ჩანს, საქართველოს უპირებენ ძალადობის სპირალის ახალ საფეხურზე შეყვანას. სამწუხაროდ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს სწორედ ხელისუფლების მითითებით ხდება. ამ ხელისუფლებისგან სხვადასხვა ეტაპზე მოძალადე ჯგუფების დაორგანიზებას ჩვენ ვართ მიჩვეული.“

სამწუხაროდ, პატრიარქი სევდია უგრეხელიძის მიმართავს არ გამოხმაურებია. ბევრი იმედოვნებს რომ იგი ამას აუცილებლად გააკეთებს.

გაქვთ მოლოდინი რომ პატრიარქი შიო ამ მოძრაობის შექმნას გამოეხმაურება?

- ვერაფერს გეტყვით ექნება თუ არა კომუნიკაცია პატრიარქს მიმართვის ადრესატთან. არც ის ვიცი, რამდენად აქტუალურია ქალბატონ უგრეხელიძის მიმართვა პატრიარქისადმი.

არც იმაზე არ მაქვს პასუხი გამოეხმაურება თუ არა პატრიარქი უგრეხელიძის მიმართავას.

- პარლამენტის სპიკერმა შალვა პაუაშვილმა, რომელიც აქამდე ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა, ახლა პირდაპირ თქვა - „ისეთ ევროკავშირში, როგორიც იგი ახლაა, ჩვენ არაფერი გვესაქმებაო“.

ახლა ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას - „ოცნება“ საზოგადოებას ევროკავშირზე უარის სათქმელად ამზადებს.“ ქართველიშვილის მოძრაობაც, რომელსაც „მორალური პოლიციის“ ფუნქციები დაეკისრა, იმათ წინააღმდეგ იაქტიურებს, ვინც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის მხარდამჭერი იქნება.

თქვენც ასე ფიქრობთ?

- სახელისუფლებო პროპაგანდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ მუშაობს. 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებას ეს ღიად აქვს გაცხადებული. პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადებაც ამის ნაწილია.

სახელისუფლებო პროპაგანდას სურს შეამციროს საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და შემდეგ, საბოლოო ჯამში უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

ეს შეუიარაღებელი თვალითაც საკმაოდ ნათლად ჩანს.

- „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა და ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა ოპოზიციურ სპექტრს მიმართა შეთანხმდნენ იმაზე თუ რა პირობებში მიიღებენ ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

ზოგი კრიტიკულად გამოეხმაურა ყიფიანის ამ მოწოდებას, ზოგიც მიესალმა. თქვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია ყიფიანის მოწოდებაზე სავარაუდო, როგორია?

- მოძრაობაა „სოციალური დემოკარტიისთვის“ გვაქვს ამ თემაზე ჩვენი ხედვა. თუ ეს ხედვა დაემთხვევა სხვა პოლიტიკური პარტიების ხედვას, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება.

დიახ, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი საარჩევნო გარემო, სამართლიანი საარჩევნო სისტემა, არჩევნებზე სამართლიანი თამაშის წესები. ჩვენ სხვებთან ერთად არჩევნებთან დაკავშირებულ საუბარსა და მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას და იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს