ბორჯომში იუსტიციის სახლის აშენება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ის სამი სავარაუდო ტერიტორია მოინახულა, სადაც სამომავლოდ იუსტიციის სახლი აშენდება და რომელიც ბორჯომის მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.
"დღეს ჩვენ ვეწვიეთ ბორჯომის რაიონს, რადგან აქ არის ერთ-ერთი არასახარბიელო მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებთან მიმართებაში, რომლებსაც თავად უწევთ არაკომფორტულ პირობებში მუშაობა და, შესაბამისად, ბორჯომელებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ნორმალურ პირობებში ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პირობის შესრულებას, რომ ყველა მოქალაქეს საქართველოში უნდა ჰყავდეს სახელმწიფო მის გვერდით და სახელმწიფო სერვისები უნდა იყოს ყველა რაიონში ერთი ფანჯრის პრინციპით ხელმისაწვდომი. ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ადგილი იმისათვის, რომ შევარჩიოთ საუკეთესო, ხელმისაწვდომი ადგილი მოქალაქეებისათვის, რათა წლის განმავლობაში უკვე საფუძველი ჩავუყაროთ ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობას", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბორჯომის ოფისებიც დაათვალიერა.
თეა წულუკიანი ბორჯომის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ასევე, ნოტარიუსთა პალატის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის მინისტრმა ადგილზევე თავად შეისწავლა ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს რეგიონული ოფისების მუშაობას, რათა მომავალში მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურება ეფექტური იყოს, სამსახურების მუშაობა კი − მაღალი ხარისხის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ბორჯომის ოფისების თანამშრომლებს ესაუბრა და მათგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც ოფისების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია. რიგ შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური აღჭურვილობისა და ფართის პრობლემები, რომელთა გადასაჭრელადაც მინისტრმა ზრუნვა უკვე დაიწყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"