"პატრიოტთა ალიანსი" - ქობულეთის ოლქის 34-ე უბანზე ბიულეტენები ჩაყარეს

"პატრიოტთა ალიანსი" - ქობულეთის ოლქის 34-ე უბანზე ბიულეტენები ჩაყარეს

ქობულეთის 81-ე ოლქის 34-ე უბანზე ბიულეტენები ჩაყარეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა მერაბ ბლადაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა საარჩევნო ყუთი მარტო დატოვეს, რა დროსაც ყუთში ბიულეტენები ჩაიყარა. მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე მოსყიდულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბანს არ დატოვებდა.

"ქობულეთის ოლქში, დაბა ჩაქვში, სოფელ ქვედა აჭყვაში 34-ე უბანზე დაფიქსირდა დარღვევის ფაქტი. კომისიის თავმჯდომარემ შენობიდან გაიყვანა კომისიის წევრები. მათ საარჩევნო ყუთი დატოვეს მარტო. დაახლოებით 30-მდე ბიულეტენი ჩაყარეს ყუთში. ბავშვიც კი მიხვდება, რომ კომისიის თავმჯდომარე მოისყიდეს, სხვა შემთხვევაში ასეთ რისკზე არ წავიდოდა", - აღნიშნა მერაბ ბლადაძემ.

მისივე განმარტებით, უბანზე უკვე იმყოფებოდნენ 81-ე ოლქის წარმომადგენლები. მერაბ ბლადაძე აცხადებს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" დამკვირვებელმა ფრიდონ სურმანიძემ საჩივარი დაწერა და უბნის გაუქმებას ითხოვს.