"საქართველოს გზა" - 21-ე საუკუნეში საარჩევნო უბანზე ხალხს ითვლიან ცხვრებივით

"საქართველოს გზა" - 21-ე საუკუნეში საარჩევნო უბანზე ხალხს ითვლიან ცხვრებივით

ეს დამთვლელები მოაცილონ უბნებს, სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში საარჩევნო უბანზე ხალხს ითვლიან ცხვრებივით , - ამის შესახებ "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 98-ე და მე-16 უბნებზე მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, სადაც სიებით ხელში ისხდნენ ქალბატონები. ირაკლი ბარამიძე, "ქართული ოცნების" კომისის წევრს ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

"38-ე უბანზე მოხდა ამაზრზენი ინციდენტი. "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა და უბნიდან გამოვიდა, გადასცა 50 ლარი. ჩვენ ეს გადავიღეთ კამერით. მმართველი პარტიის დამკვირვებელმა თანხის გადაცემის ფაქტი აღიარა, თუმცა უარყო, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა. მოვუწოდებ სამართალდამცველ სტრუქტურებს, დაიწყონ გამოძიება. მე-16-ე უბანზე მობილიზებული იყო მიკროავტობუსი, სადაც დილის ათი საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სიებით ხელში ისხდნენ ქალბატონები და საარჩევნო უბანზე ზედამხედველების მითითებით შედიოდნენ", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

ასევე, "საქართველოს გზის წევრმა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გონიოელების მოსყიდვაში დაადანაშაულა. "არჩევნებამდე 1 დღით ადრე, გვიან ღამით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კონსპირაციულად შეხვდა გონიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც 2008 წლიდან აქვთ პრობლემა მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით. ხაბაძე მის მეხოტბეებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ. მან ვიდეოკადრებიც წარმოადგინა და განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მიაწოდეს.