მერაბ თოფჩიშვილი თანახმაა, მარნეულის გამგებლის თანამდებობა დაიკავოს

მერაბ თოფჩიშვილი თანახმაა,  მარნეულის გამგებლის თანამდებობა დაიკავოს

კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, მარნეულის მოსახლეობამ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა.

კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ მოხსნილმა მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა მერაბ თოფჩიშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 52.48% მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

როგორც თოფჩიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მას მარნეულის მოსახლეობის იმედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა.

,,ხალხის განწყობიდან და ერთსულოვნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ შედეგს და უფრო მეტსაც ველოდებოდი. მარნეულის მოსახლეობამ ამ არჩევანით დაადასტურა, რომ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ კონკრეტულად გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა. ამ არჩევნებში, მე ხმა არა მარტო ქართველებმა, არამედ აზერბაიჯანელებმა, სომხებმა და სხვა ეროვნების ადგილობრივმა მოსახლეობამ მომცა, ნდობა გამომიცხადა და არ ვიცი მათ მიმართ მადლიერება როგორ გამოვხატო," - განაცხადა მერაბ თოფჩიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, დაიკავებს თუ არა გამგებლის თანამდებობას, მერაბ თოფჩიშვილმა უპასუხა, რომ "მრავალრიცხოვან და მრავალეროვან ამომრჩეველს იმედებს ვერ გაუცრუებს და გამგებლის თანამდებობას დაიკავებს".