რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს , რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მეწყერსაშიში ზონა ამ ეტაპისთვის შემოფარგლულია და მიმდინარეობს პრევენციული სამუშაოები, რაც მოიცავს მთის ფერდობის გაწმენდას მსხვილი ქვებისა და გადმოწოლილი ხეებისაგან.
"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე შეზღუდვები 3-5 წუთით წესდება. გაწმენდით სამუშაოებს ალპინისტთა ჯგუფი აწარმოებს, რომელიც გზის მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიის მიერ არის დაქირავებული", _ აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, მთის ფერდის გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები ხვალ სრულად დასრულდება.
146-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს კვლავ განახორციელებს.

























