რიკოთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანი რიკოთის უღელტეხილზე, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მივიდა. გასვიანი მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას უწევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კილომეტრზე დაწყებულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, დამეწყრილ ადგილს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან და მოამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას გეოლოგების დასკვნის საფუძველზე აღადგენს.
დღეს, დილის 5 საათზე, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

























